უკრაინის მოსამართლეთა საბჭო - სააკაშვილის განცხადება შემაშფოთებელია თავისი რადიკალიზმითა და უაპელაციობით
უკრაინის მოსამართლეთა საბჭო - სააკაშვილის განცხადება შემაშფოთებელია თავისი რადიკალიზმითა და უაპელაციობით

უკრაინელი მოსამართლეები უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას რადიკალურსა და უაპელაციოს უწოდებენ. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის მოსამართლეთა საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქმე ეხება სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც ის უკრაინის სასამართლო სისტემის „ფუნდამენტალური გარდაქმნის აუცილებლობაზე“ საუბრობს.

„სააკაშვილის ეს განცხადება შემაშფოთებელია თავისი რადიკალიზმითა და უაპელაციობით. ბატონმა სააკაშვილმა უნდა იცოდეს, რომ სწორედ მის მიერ გაკეთებული განცხადებების მსგავსი გამონათქვამებისა და მოსამართლეთა დანიშვნის დაურეგულირებელი პროცედურის გამო არის უკრაინის სასამართლო სისტემაში კადრების კატასტროფული დანაკლისი“, – ნათქვამია მოსამართლეთა საბჭოს განცხადებაში.

ამავე განცხადებაში მოსამართლეებმა შეახსენეს სააკაშვილს, რომ ის დამხმარე ორგანოს ხელმძღვანელობს, რომელსაც განსაკუთრებული უფლებამოსილებები არ გააჩნია.

მოგვიანებით, სააკაშვილმა ამ განცხადება „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე უპასუხა და უკრაინელ მოსამართლეებს კორუფციაში დასდო ბრალი.

„თავის დროზე, 90-იანი წლების ბოლოს, ჯერ კიდევ მართლმსაჯულების საბჭოს წევრად და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს მუშაობისას, მე მივაღწიე მოსამართლეთა 90 პროცენტის თანამდებობიდან გათავისუფლებას. ამიტომ, ქართული სასამართლო გაიწმინდა კორუფციისგან. უკრაინაში ჩამოსვლამდე მე ვფიქრობდი, რომ საქართველოში სასამართლო რეფორმა ბოლომდე არ არის მიყვანილი, თუმცა საქართველოში სასამართლოების მიმართ სამჯერ უფრო მაღალი ნდობა არსებობდა, ვიდრე უკრაინაში. ბუნებრივია, ქართული სასამართლო არ იყო უმაღლესი ევროპული სტანდარტის, მაგრამ იქ არ იყო კორუფცია, და კორუფცია სასამართლოში არ წარმოადგენდა გლობალურ პრობლემას ქვეყნის მოქალაქეებისთვის. სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი პატივისცემის მიუხედავად, უკრაინაში სასამართლო სისტემა დიდი ხანია, მოწყდა რეალობას, ეკონომიკას, უსაფრთხოებას და მოქალაქეთა კეთილდღეობას. სასამართლო სისტემა გადაიქცა ელიტურ სამსახურად, რომელიც სხვადასხვა ფინანსური კლანის ფულის ნაკადებს ემსახურება“, – წერს სააკაშვილი.

დატოვე კომენტარი