უკრაინის მმართველი პარტიის წევრებმა რუსულ არხებს ბოიკოტი გამოუცხადეს
უკრაინის მმართველი პარტიის წევრებმა რუსულ არხებს ბოიკოტი გამოუცხადეს

უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ წევრებმა რუსულ არხებს ბოიკოტი გამოუცხადეს.

„ხალხის მსახურის“ წევრებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მმართველი პარტიის წევრმა, ევგენი შევჩენკომ რუსეთის პირველი არხის გადაცემაში მიიღო მონაწილეობა. რუსული არხის ეთერში მის გამოჩენას უკრაინაში სკანდალი მოჰყვა.

შევჩენკომ რუსული არხის გადაცემაში „დიდი თამაში“ განაცხადა, რომ დონბასში ძალების დაშორიშორების პროცესს „ნაციონალისტები აფერხებენ“. ამავე დროს, უკრაინელმა დეპუტატმა თქვა, რომ უკრაინას რუსეთთან „პარტნიორული ურთიერთობები სურს, თუმცა თანამშრომლობა თანაბარუფლებიანობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპზე უნდა იყოს დაფუძნებული“.

უკრაინული მედიის ცნობით, ინციდენტის შესახებ მმართველი პარტიის წევრებმა ფრაქციის დახურულ სხდომაზე იმსჯელეს, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკიც მონაწილეობდა. სხდომაზე გადაწყდა, რომ „ხალხის მსახურის“ წევრები რუსულ არხებზე აღარ გამოჩნდებიან.