უკრაინის გენშტაბში ვალერი გერასიმოვის განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებენ და აცხადებენ, რომ კუპიანსკი კვლავ უკრაინის თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშ რჩება
უკრაინის გენშტაბში ვალერი გერასიმოვის განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებენ და აცხადებენ, რომ კუპიანსკი კვლავ უკრაინის თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშ რჩება

ტერორისტული სახელმწიფოს ხელისუფლება აგრძელებს დაბალი დონის საინფორმაციო პროვოკაციების წარმოებას. კერძოდ, რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა რუსეთის ფედერაციის მეთაურისთვის წარდგენილ მოხსენებაში განაცხადა, რომ ხარკოვის ოლქში – კუპიანსკისა და დონეცკის ოლქში იამპილის დასახლებები სრულად დაიკავა, – ამის შესახებ განცხადებას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს, რითiც რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება, რომ კუპიანსკი კვლავ უკრაინის თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშ რჩება. ქალაქსა და მის გარეუბნებში მიმდინარეობს საბრძოლო ღონისძიებები და სპეციალური ოპერაციები, რომლებიც მიზნად ისახავს ქალაქში შეჭრილი მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების გამოვლენასა და განადგურებას.

გენშტაბის ცნობით, ასევე მცდარია განცხადება ხარკოვის ოლქში ვოვჩანსკის 80 პროცენტისა და პოკროვსკის 70 პროცენტის სავარაუდო დაკავების შესახებ.

„გახსოვდეთ, რომ ერთი თვის წინ რუსულმა პროპაგანდამ ჟურნალისტები უკვე „წაიყვანა“ კუპიანსკსა და პოკროვსკში. რუსეთის გენერალური შტაბის ეს დეზინფორმაცია მიზნად ისახავს მხოლოდ რუსული არმიის კრიტიკული დანაკარგების დამალვას, რომელიც მუდმივ „ხორცსაკეპ“ თავდასხმებშია ჩათრეული. რუსეთის ხელისუფლების ერთადერთი სისხლიანი „მიღწევა“ ქალებისა და ბავშვების მკვლელობაა, როგორც ეს ტერნოპილში საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმის დროს მოხდა. თავდაცვის ძალები აგრძელებენ მტრის განადგურებას შეხების მთელი ხაზის გასწვრივ“, – ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.