უკრაინის გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, ხუთი წლის წინ ყირიმის ბლოკირების მოსახსნელად ოპერაცია დაიწყო და იმავე დღესვე შეჩერდა
უკრაინის გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, ხუთი წლის წინ ყირიმის ბლოკირების მოსახსნელად ოპერაცია დაიწყო და იმავე დღესვე შეჩერდა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 2014 წლის პირველ მარტს ყირიმის ბლოკირების მოსახსნელად ოპერაცია დაიწყო, თუმცა იმავე დღესვე შეაჩერა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ვლადიმირ ზამანამ განაცხადა.

„პირველ მარტს გენერალურ შტაბში შემუშავდა და მომზადდა ყირიმში პირადი შემადგენლობის გადასროლის ოპერაცია, რომელიც სამხედრო ნაწილებზე ბლოკირების მოხსნას ისახავდა მიზნად. პირადი შემადგენლობა თვითმფრინავებში განთავსდა და კონტინენტური უკრაინის სანაპირომდე ჩავიდა. ამის შემდეგ, მფრინავებმა უკან მობრუნების და აეროდრომებზე დაბრუნების ბრძანება მიიღეს. ამით ყველაფერი დასრულდა“, – თქვა ზამანამ.

უკრაინის ყოფილმა სამხედრო მაღალჩინოსანმა ასევე აღნიშნა, რომ ღალატის ბრალდებით მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს და უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსანდრ ტურჩინოვის ინიციატივით დაიწყო.