უკრაინის გენშტაბის უფროსი - რთულია იმის პროგნოზირება, როდის გადაწყვეტს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყებას
უკრაინის გენშტაბის უფროსი - რთულია იმის პროგნოზირება, როდის გადაწყვეტს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყებას

უკრაინაში რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხე 2014 წელს განვითარებულ მოვლენებს უტოლდება, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ვიქტორ მუჟენკომ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა. ვიქტორ მუჟენკოს განმარტებით, რთულია იმის პროგნოზირება, თუ როდის გადაწყვეტს აგრესორი საომარი მოქმედებების დაწყებას.

„ჩვენ წინაშეა აგრესორი, რომელსაც არ აქვს მორალური და სამართლებრივი საზღვრები. ძალიან რთულია იმის პროგნოზირება, თუ როდის გადაწყვეტს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყებას. რუსეთ-უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო შენაერთების გააქტიურება შემთხვევითი არ არის“, – განაცხადა ვიქტორ მუჟენკომ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის თქმით, ბოლო ორ კვირაში რუსეთ-უკრაინის საზღვართან რუსული ტანკების რაოდენობა 93-დან 250-მდე გაიზარდა.

უკრაინასა და რუსეთს შორის ვითარების მორიგი გამწვავება რამდენიმე კვირის წინ ქერჩის სრუტესთან მომხდარმა ინციდენტმა გამოიწვია, როდესაც რუსეთმა უკრაინული გემების მიმართულებით ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი გემები და მეზღვაურები დააკავა. განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უკრაინაში 30 დღიანი საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.