უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ბახმუტისა და სლავიანსკის მიმართულებებზე იერიში მიიტანეს, თუმცა პავლოვკის დასახლებასთან წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ უკან დაიხიეს
უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ბახმუტისა და სლავიანსკის მიმართულებებზე იერიში მიიტანეს, თუმცა პავლოვკის დასახლებასთან წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ უკან დაიხიეს

რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა უკრაინაში, ბახმუტისა და სლავიანსკის მიმართულებებზე იერიში მიიტანეს. როგორც უკრაინული მედია უკრაინის არმიის გენშტაბზე დაყრდნობით წერს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს მოწინააღმდეგეს პავლოვკის დასახლების მიდამოებში, წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ კი რუსებმა უკან დაიხიეს.

მათივე ცნობით, სლავიანსკის რაიონში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ათამდე დასახლებული პუნქტი დაბომბეს, თუმცა წინსვლა ვერ შეძლეს.

რუსეთის არმიის ნაწილებმა დონეცკის მიმართულებაზე ქალაქ ლისიჩანსკის სამხრეთიდან ბლოკირება სცადეს და სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურა დაბომბეს. ინტენსიური ავიაიერიშების პარალელურად, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ლისიჩანსკთან საარტილერიო დანაყოფი გააძლიერეს.

უკრაინის ხელისუფლების მტკიცებით, სლავიანსკისა და ლისიჩანსკის დაკავება რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ტანკებით, არტილერიითა და სამხედრო ავიაციით ისევ დაბომბეს ხარკოვის რეგიონის რამდენიმე დასახლებული პუნქტი.

უკრაინის არმიის მედესანტეებმა რუსეთის არმიის „კა-52 ალიგატორის“ ტიპის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის არმიის ჯარისკაცებმა ოდესის ოლქის ცაში ორი რუსული საზენიტო რაკეტა „ონიქსი“ გაანეიტრალეს.

უკრაინის არმიის გენშტაბში აცხადებენ, რომ 26 ივნისის მონაცემებით, რუსეთის დანაკარგები 34 850 ადამიანს აღწევს.

დატოვე კომენტარი