უკრაინის გენშტაბი - რუსეთმა საკუთარი საჯარისო ნაწილების თავმოყრა დაიწყო დნესტრისპირეთში
უკრაინის გენშტაბი - რუსეთმა საკუთარი საჯარისო ნაწილების თავმოყრა დაიწყო დნესტრისპირეთში

რუსეთმა საკუთარი საჯარისო ნაწილების თავმოყრა დაიწყო დნესტრისპირეთში, უკრაინის საზღვარზე საჩვენებელი მოქმედებებისა და პროვოკაციებისთვის. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურის შტაბის ოპერატიულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„გააქტიურდა მუშაობა მოლდოვის რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონის ტერიტორიაზე არსებული რუსული საჯარისო შენაერთების თავმოყრის კუთხით, უკრაინის საზღვარზე საჩვენებელი მოქმედებებისა და პროვოკაციების განსახორციელებლად“, – ნათქვამია უკრაინის გენშტაბის ინფორმაციაში.

ამავე ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ აგრეთვე მიიღო გადაწყვეტილება 4 აპრილიდან 23 მაისამდე რეზერვისტების სამხედრო თავმოყრის თაობაზე. გენშტაბის ცნობით, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი ოკუპანტები იტაცებენ ადგილობრივ მოსახლეობას, ცეცხლს უხსნიან საცხოვრებელ უბნებს, ნაღმავენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ძარცვავენ და მოროდიორობენ.

„ოკუპანტებს ცალკეული მიმართულებებიდან გაჰყავთ დანაყოფები სავარაუდოდ იმისთვის, რომ გააძლიერონ დაჯგუფებები შემდგომ სლობოჟანსკის, დენეცკისა და ლუგანსკის მიმართულებებზე შეტევებისთვის. მტერი აგრძელებს დანაკარგების მიღებას ლუგანსკის რეგიონში. არსებული ცნობებით, ოკუპანტები დაღუპულებს ბრძოლის ველზე ტოვებენ“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.