უკრაინის ჩემპიონატის ტოპ 10 ქართველი - სათავეში კალაძეა, რომელმაც „სპარტაკი“ უარით გაისტუმრა
უკრაინის ჩემპიონატის ტოპ 10 ქართველი - სათავეში კალაძეა, რომელმაც „სპარტაკი“ უარით გაისტუმრა

უკრაინულმა გამოცემა „სპორტმა“ ამ ქვეყნის უმაღლეს ლიგაში ნათამაშები 10 საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის საკუთარი ვერსია დაასახელა.

„კავკასიელმა ბიჭებმა ჩვენს ჩემპიონატში მოიტანეს უამრავი მზე, ემოცია, ფილიგრანული ტექნიკა და საიმედოობა. მათგან ათი საუკეთესოს შერჩევა ძალიან რთული იყო, რადგან უკრაინის ჩემპიონატების მთელი პერიოდის განმავლობაში, საქართველოდან ასზე მეტი ფეხბურთელი ჩამოვიდა. მაგრამ შევეცადეთ „ნაღები“ დაგვესახელებინა“, – წერს გამოცემა.

10. ვასილ გიგიაძე 2000–2011

9. გოჩა ჯამარაული 2002–2005

8. ლაშა ჯაკობია 2004–2012

7. ჯაბა ლიპარტია 2011–2019

6. დავით ხოჭოლავა 2015 – დღემდე

5. მიხეილ ფოცხვერია 1993–2000

4. ავთანდილ კაპანაძე 1993–2001

3. ჯაბა კანკავა 2006–2015

2. გეორგი დემეტრაძე 1999–2008

1. კახა კალაძე 1999–2000

კახა კალაძის შესახებ, რომელიც კიევის „დინამოში“ 1999-2000 წლებში თამაშობდა, „სპორტმა“ საინტერესო ამბები გაიხსენა.

„კიევის დინამოს შემადგენლობაში, კალაძემ მხოლოდ ორნახევარი სეზონი გაატარა, მაგრამ ეს იმდენად კაშკაშა პერიოდი იყო, თავად კი იმდენად დამაჯერებელი და არასტანდარტული იყო, რომ ჩვენი რეიტინგის პირველობა დაიმსახურა. კახა უკრაინის დედაქალაქში საქართველოს დედაქალაქიდან ჩამოვიდა. თბილისის „დინამოში“ კალაძემ სადებიუტო მატჩი 16 წლის ასაკში ჩაატარა. მისი გადაყვანა მოსკოვის „სპარტაკს“ და კიევის „დინამოს“ სურდათ. მაგრამ კალაძემ არჩევანი ლობანოვსკის გუნდის სასარგებლოდ გააკეთა და ეს არც უნანია“, – წერს გამოცემა.

„სპორტმა“ ქართველის წარმატებული გამოსვლა გაიხსენა: „ლობანოვსკისთან კალაძე გახდა უნივერსალური მოთამაშე: თბილისიდან ცენტრალური მცველის სტატუსით მოწვეული კიევში ყველაზე ხშირად, მარცხენა მცველის ან საყრდენი ნახევარმცველის ადგილზე თამაშობდა. ხისტი და მეომარი მოთამაშე მაღალი ფუნქციონალური მომზადებით გამოირჩეოდა. კალაძეს შეეძლო არა მხოლოდ შეტევების ჩაშლა, არამედ შეტევაში ხშირად ერთვებოდა. „დინამოს“ შემადგენლობაში გახდა სამგზის ჩემპიონი და უკრაინის თასის გამარჯვებული. იყო იმ „დინამოს“ წევრი, რომელსაც 1999 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ერთი ნაბიჯი აშორებდა. 2001 წელს, 16 მილიონი ევროს საფასურად, კახა „მილანში“ გადავიდა, რომელთანაც შემდგომში ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსი გახდა და ამჟამად თბილისის მერია.“