უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი „ტორპედოში“ ჩაირიცხა
უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი „ტორპედოში“ ჩაირიცხა

ამბროსი ჩაჩუამ „ტორპედოსთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა – ინფორმაციას ქუთაისელთა ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

24 წლის ნახევარმცველი უკრაინის მოქალაქეა. 2011 წლის ზაფხულში, სკოლის დამთავრებისთანავე, „კარპატის“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილი ამბროსი ჩაჩუა ლვოვური კლუბის ახალგაზრდულ შემადგენლობაში გადაიყვანეს და ძირითადშიც მალე დაიმკვიდრა ადგილი. თანაც, პირველივე შეხვედრიდან იმდენად თავდაჯერებული იყო, რომ ორ თვეში უკრაინის 17-წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს.

მას უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. მაგრამ უკრაინაში ფინანსურად ვითარება აირია, „კარპატს“ პრობლემები შეექმნა და ჩაჩუა 2018 წლის ივლისში ყაზახეთის „აკჟაიიკში“ გადავიდა.

ამბროსი ჩაჩუა უკრაინის პრემიერლიგის ისტორიაში შევიდა – 2016 წლის 25 სექტემბერს, ლვოვის „კარპატის“ ქართულმა ფეხბურთელმა „ოლექსანდრიასთან“ შეხვედრაში მოედანზე გასვლიდან 20 წამში გაიტანა, რაც ამ ქვეყნის ჩემპიონატში ყველაზე სწრაფი გოლია.