უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი - წიტაიშვილში მომავალს ვხედავთ, მაგრამ ვერ ვაიძულებთ, უკრაინაში ითამაშოს
უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი - წიტაიშვილში მომავალს ვხედავთ, მაგრამ ვერ ვაიძულებთ, უკრაინაში ითამაშოს

უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რუსლან როტანმა „მეტა-რეიგინგს“-თან (Meta-ratings.com.ua) მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში კომენტარი გააკეთა მისი გუნდის ორ ფეხბურთელზე, რომლებსაც საფეხბურთო მოქალაქეობის შეცვლას სურთ.

ლაპარაკია კიევის „დინამოდან“ პოლტავას „ვორსკლაში“ იჯარით გადასულ გიორგი წიტაიშვილსა და „ნიურნბერგის“ ფორვარდ ერიკ შურანოვზე, რომლებმაც უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრების თამაშზე უარი თქვეს და შესაბამისად, საქართველოსა და გერმანიის მოქალაქეობის მიღება გადაწყვიტეს. რუსლან როტანმა გარკვევით განაცხადა, რომ ორივე მათგანს უკრაინის ნაკრებში თამაშის პოტენციალი გააჩნია.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ წიტაიშვილმა და შურანოვმა ჩვენს ნაკრებში ითამაშონ. ისინი ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდნენ, წიტაიშვილი 20-წლამდელებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და რა თქმა უნდა, მისი იმედი გვაქვს. რახან ნაკრებში იწვევენ, გამოდის, ისინი უკრაინასაც სჭირდება. ჩვენ მათ განვუმარტეთ, რომ ისინი თავიანთი საფეხბურთო თვისებებით და პერსპექტივებით უკრაინის ეროვნულ გუნდს შეეფერებიან და მათში მომავალს ვხედავთ,“ – განაცხადა როტანმა.

უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განმარტა, რომ ქვეყნის სახელით გამოსვლას ვერავის დააძალებს:

„ახლა გაირკვა, რომ შესაძლოა ამ ორმა ფეხბურთელმა საფეხბურთო მოქალაქეობა შეიცვალოს. ეს მათი და მათი ოჯახების პირადი საქმე და პირადი არჩევანია. ჩვენ ვერ ვაიძულებთ, უკრაინის ნაკრებში ითამაშონ. გვინდა, რომ გუნდში იყვნენ პატრიოტები, რომელთაც ქვეყნის სახელით თამაში და უკრაინის წარდგენა სურთ“.