უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი - საქართველოსთან მატჩი ჩვენი მოთამაშეებისთვის კარგი გამოცდა იქნება #1TVSPORT
უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი - საქართველოსთან მატჩი ჩვენი მოთამაშეებისთვის კარგი გამოცდა იქნება #1TVSPORT

უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რუსლან როტანმა, საქართველოს პირველ არხთან თბილისურ შეკრებაზე ისაუბრა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დახვედრითა და სავარჯიშო პირობებით კმაყოფილება გამოხატა.

რუსლან როტანის გაწვრთნილმა გუნდმა ევრო 2023-ის ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვა და მზადება თბილისური ტესტ-მატჩებით დაიწყო. უკრაინელებმა პირველი ამხანაგური მატჩი თბილისის ზღვაზე, ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრში, ასევე ევრო 2023-ს ფინალური ეტაპის მონაწილე ისრაელთან (1:1) გამართეს. 21 ნოემბერს კი გორში, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს შეხვდებიან.

„შეკრებაზე პირობებითაც კმაყოფილი ვარ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დახვედრითაც. მადლობა ასეთი თბილი მიღებისა და უკრაინის თანადგომისთვის. საშუალება მოგვცეს საუკეთესო მოედნებზე გვევარჯიშა და საქართველოს გარდა, ისრაელის ნაკრებებთანაც გვეთამაშა.

ისრაელის ნაკრები საკამოდ ძლიერი და კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელიც ჩვენსავით ევროპის 2023 წლის ჩემპიონატისთვის ემზადება. ამიტომ მათთან საინტერესო და სასარგებლო თამაში გამოვიდა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ბოლო თამაში ვნახეთ. ვიცით, რომ რამდენიმე მოთამაშე ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული, ახლა კი სამი ფეხბურთელი ისევ ახალგაზრდულ გუნდს დაუბრუნდა და ჩვენ საგრძნობლად შეცვლილი შემადგენლობა გვეთამაშება. ეს მატჩი ჩვენი მოთამაშეებისთვის კარგი გამოცდა იქნება“ – განაცხადა რუსლან როტანმა.

უკრაინისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მატჩი 21 ნოემბერს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება.

ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე, რომელსაც საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ, უკრაინა B ჯგუფში მოხვდა, სადაც რუმინეთს, ესპანეთსა და ხორვატიას შეხვდება. გუნდი პირველ მატჩს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, მომავალი წლის 21 ივნისს, ხორვატიის წინააღდმეგ ჩაატარებს.

უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რუსლან როტანი ახლო წარსულში ეროვნული ნაკრების კაპიტანი იყო (100 მატჩი, 8 გოლი) და მის შემადგენლობაში 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა. „დნიპროში“ რუსლან როტანის თანაგუნდელები სანდრო კობახიძე და ჯაბა კანკავა იყვნენ, რომელთან ერთადაც 2015 წელს ევროპის ლიგის ფინალში ითამაშა.