უკრაინის ახალგაზრდული ნაკრები ისრაელთან ამხანაგურ მატჩს თბილისში გამართავს #1TVSPORT
უკრაინის ახალგაზრდული ნაკრები ისრაელთან ამხანაგურ მატჩს თბილისში გამართავს #1TVSPORT

უკრაინის ახალგაზრდული ნაკრები, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებთან მატჩის გარდა, საქართველოში კიდევ ერთ ტესტ-მატჩს გამართავს – ინფორმაციას უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

უკრაინის ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2023-ისთვის ემზადება. გუნდის ხელმძღვანელობამ შეკრების გამართვა თბილისში გადაწყვიტა. საქართველოს 21-წლამდელებთან დაპირისპირების გარდა, უკრაინის ნაკრები თბილისში კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატრებს.

დღეს, თბილისის ზღვაზე მდებარე ილია კოკაიას სახელობის ტექნიკური ცენტრის სტადიონზე, უკრაინის ახალგაზრდული ნაკრები ისრაელის თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდება (რომელთანაც საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 16 ნოემბერს 1:2 წააგო), 21 ნოემბერს კი, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, საქართველოს 21-წლამდელთა გუნდს შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ სამივე ნაკრები – საქართველო, ისრაელი და უკრაინა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის მონაწილეა, რომელსაც 2023 წელს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ.

„სამწუხაროდ, შემადგენლობაში დანაკლისი გვაქვს, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ღირსეულ მეტოქეს ვეთამაშებით, ისრაელის ნაკრებიც ევრო 2023-ის ფინალურ ეტაპზე გავიდა და ჩემპიონატისთვის ემზადება. ჩვენ ნაკრების ახალბედა მოთამაშეებს დავაკვირდებით“ – განაცხადა უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რუსლან როტანმა.

ევრო 2023-ზე უკრაინა B ჯგუფში მოხვდა, სადაც რუმინეთს, ესპანეთსა და ხორვატიას შეხვდება. გუნდი ტურნირს ხორვატიასთან მატჩით დაიწყებს, რომელიც მომავალი წლის 21 ივნისს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართება.