უკრაინელმა უსიკმა მატჩრევანშშიც დაამარცხა ჯოშუა და ტიტული შეინარჩუნა [ვიდეო] #1TVSPORT
უკრაინელმა უსიკმა მატჩრევანშშიც დაამარცხა ჯოშუა და ტიტული შეინარჩუნა [ვიდეო] #1TVSPORT

საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გაიმართა სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ორთაბრძოლა უკრაინელ ოლექსანდრ უსიკსა და ბრიტანელ ენტონი ჯოშუას შორის. მოკრივეები იბრძოდნენ WBA-ს, WBO-სა და IBF-ის ტიტულებისთვის, რომელთა მფლობელი უკრაინელი მოკრივე იყო. მან ეს ქამრები 2021 წლის 25 სექტემბერს წაართვა ჯოშუას, როცა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ძალიან დამაჯერებლად დაამარცხა ბრიტანელი. ამის შემდეგ ჯოშუამ მატჩრევანში მოითხოვა, მაგრამ ისევ წააგო, ოღონდ, ამჯერად, უფრო დაძაბულ ბრძოლაში.

ორგანიზატორებმა უსიკისა და ჯოშუას მეორე ბრძოლას ასეთი სახელი მოუძებნეს – Rage on the Red Sea („მრისხანება წითელ ზღვაზე). ბუკმეიკერების ფავორიტი უკრაინელი მოკრივე იყო. თუმცა, ამ შეხვედრაში მისი ტოტალური დომინირება არ გამოვიდა. მოკრივეები რიგრიგობით იგებდნენ რაუნდებს, მეცხრე რაუნდში კი ჯოშუამ იმდენად მოუმატა, რომ უსიკს პრობლემები შეექმნა. თუმცა, უკრაინელმა გაუძლო ბრიტანელის ამ აფეთქებას და მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა – 113:115, 115:113, 116:112.

სტატისტიკის მიხედვით, უკრაინელმა 46-ით მეტი ზუსტი დარტყმა შეასრულა. უსიკს ჯამში 712 დარტყმა ჰქონდა და აქედან 170 იყო ზუსტი, ჯოშუას – 492-დან 124 ზუსტი დარტყმა დაუგროვდა.

ახლა, პროფესიულ რინგზე უსიკის ანგარიშზე 20-დან 20 მოგებაა. ჯოშუას 25 ბრძოლაში 22 მოგება და სამი მარცხი აქვს.

ბრძოლის შემდეგ, ოლექსანდრ უსიკმა ბრიტანელ ტაისონ ფიურისთან ბრძოლა მოითხოვა: „დარწმუნებული ვარ, ის არ წასულა კრივიდან. მე მასთან ჩხუბი მინდა. თუ ტაისონ ფიურისთან არ ვიჩხუბებ, რინგზე საერთოდ არ გავალ“.

ფიური სუპერმძიმე წონაში WBC-ის ტიტულს ფლობს, ასე რომ, მისი და უსიკის სავარაუდო შეხვედრა ტიტულების გამაერთიანებელი ბრძოლა იქნება.