უკრაინელ ვარსკვლავს რუსეთში შავი პიარი აუგორეს - რუსი ჟურნალისტის ბრალდებას უკრაინასა და „უფაში“ ბოდვა უწოდეს
უკრაინელ ვარსკვლავს რუსეთში შავი პიარი აუგორეს - რუსი ჟურნალისტის ბრალდებას უკრაინასა და „უფაში“ ბოდვა უწოდეს

რუსულ მედიაში ევროპის ჩემპიონატზე უკრაინისა და რუსეთის ნაკრების გამოსვლას აფასებენ. უმრავლესობის აზრით, ანდრეი შევჩენკოს გუნდი სტანისლავ ჩერჩესოვის ნაკრებს სჯობია. თუმცა, ეს დავა ბრალდებებში გადაიზარდა – სპორტულმა ჟურნალისტმა, ანდრეი სენკივმა გაავრცელა ინფორმაცია, რაც უკრაინელთა აზრით, მათი გუნდის არევას ემსახურება.

სენკივი წერს, რომ ალექსანდრე ზინჩენკომ ევრო 2016-ზე უკრაინის ნაკრებში კორუფციული გარიგების საფუძველზე ითამაშა.

გაზიზოვმა და მისმა აგენტებმა უკრაინის ნაკრების მწვრთნელს, მიხეილ ფომენკოს თხოვნით მიმართეს, რომ ზინჩენკოს ტურნირზე ეთამაშა, რომ ალექსანდრეს „მანჩესტერ სიტიში“ გადასასვლელად საერთაშორისო მატჩების საჭირო პროცენტული რაოდენობა დაეგროვებინა. ზინჩენკო ინგლისური კლუბის ფეხბურთელი 2016 წლის ზაფხულში გახდა. მოედანზე გატარებული ყოველ წუთისთვის უკრაინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი რუსული კლუბისგან 1000 დოლარს იღებდა“ – ამტკიცებს სენკივი.

ამ ინფორმაციაზე კომენტარი „უფას“ გენერალურმა დირექტორმა შამილ გაზიზოვმა გააკეთა.

„აშკარად ვიღაცას გამწვავება სურს. არ მინდა, ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ ეს უბრალოდ ბოდვაა და კლინიკური შემთხვევა“, – განაცხადა „უფას“ გენერალურმა დირექტორმა გამოცემა „ჩემპიონატის“ კორესპონდენტთან ინტერვიუში.

მიხაილო ფომენკო, უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი კი კითხვამ უაღრესად განარისხა და რუს ჟურნალისტს შესაფერისი პასუხი გასცა:

„ეს ვინ გითხრათ? ეს არის სისულელე. ასეთი რამ როგორ შეიძლება მოიგონო. მორჩა, ნახვამდის“.