უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმების რეკომენდაციები განისაზღვრა
უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმების რეკომენდაციები განისაზღვრა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმების რეკომენდაციები განსაზღვრეს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, რეკომენდაციები პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა და ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა წარადგინეს.

რეკომენდაციები გულისხმობს კიევის უსაფრთხოების ხელშეკრულების შექმნას, კერძოდ ერთობლივ დოკუმენტს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც გააერთიანებს უკრაინასა და გარანტორ ქვეყნებს. დოკუმენტში გაწერილი უნდა იყოს გარანტიების მიმართ მრავალდონიანი მიდგომა. მოკავშირეთა ძირითადი ჯგუფი სავარაუდოდ მიიღებს მკაფიო ვალდებულებებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად, ხოლო გაფართოებულმა ჯგუფმა უნდა უზრუნველყოს არასამხედრო გარანტიები, რომლებიც აგებული იქნება სანქციების მექანიზმების გარშემო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება არ არის ნატო-ში გაწევრიანების შემცვლელი, არამედ წარმოადგენს უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებას, ვიდრე გაწევრიანება არ მოხდება.

ხელშეკრულება გააერთიანებს მოკავშირე ქვეყნების ძირითად ჯგუფს და უკრაინას. გარანტორი სახელმწიფოების ამ ჯგუფში შეიძლება, შედიოდნენ შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, კანადა, პოლონეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ავსტრალია, თურქეთი, ასევე ბალტიისპირეთის, ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნები.

შემოთავაზებული რეკომენდაციები ითვალისწინებს, რომ უკრაინის უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტია არის მისი უნარი, დაიცვას თავი აგრესორისგან გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად, რისთვისაც უკრაინას სჭირდება რესურსები ძლიერი შეიარაღებული ძალების შესანარჩუნებლად, ასევე გრძელვადიანი სტაბილური ინვესტიციები უკრაინის სამხედრო-სამრეწველო ბაზაში, მოკავშირეების მხრიდან იარაღის მასშტაბური მიწოდება და სადაზვერვო მხარდაჭერა და ინტენსიური სასწავლო მისიები ევროკავშირისა და ნატოს ეგიდით.

უსაფრთხოების გარანტიების პაკეტი მოიცავს, როგორც სამხედრო, ფინანსური, ინფრასტრუქტურულ, ტექნიკურ და საინფორმაციო ხასიათის პრევენციულ ზომებს ახალი აგრესიის თავიდან ასაცილებლად, ასევე ზომებს, რომლებიც უნდა იყოს მიღებული დაუყოვნებლად, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის შემთხვევაში.

გარდა ამისა, კიევის უსაფრთხოების ხელშეკრულების სტრუქტურა ითვალისწინებს აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების სრულ პაკეტს და ასევე, შეიძლება, შეიცავდეს დამატებით კომპონენტებს, როგორიცაა შეთანხმებები უკრაინის თანამედროვე საჰაერო თავდაცვის/სარაკეტო თავდაცვის სისტემებით უზრუნველყოფის შესახებ.