უკრაინაში ამხანაგურმა მატჩმა სკანდალი გამოიწვია
უკრაინაში ამხანაგურმა მატჩმა სკანდალი გამოიწვია

უკრაინის პრემიერლიგის საფეხბურთო კლუბებმა, დნეპროპეტროვსკის „დნიპრო 1“-მა და ლუგანსკის „ზორიამ“ საკონტროლო მატჩი ჩაატარეს. კორონავირუსის პანდემიამდე ეს თამაში არავის ყურადღებას არ მიიქცევდა. მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს ამბავი კარანტინის დროს მოხდა.

„კოვიდ-19“-ის გამო, უკრაინაში კარანტინი მარტის შუა რიცხვებიდან გამოცხადდა. ახლა შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა და პროფესიონალურ სპორტულ გუნდებს ვარჯიშის გაგრძელების საშუალება მიეცათ. გუნდებს სპარინგი დიდად არც დაუმალავთ, მაგრამ ჯერ თამაშის უფლება არ ჰქონდათ.

მატჩის საკითხი ტელეჟურნალისტმა და წამყვანმა, იგორ ბურბამ გაასაჯაროვა – მისი მტკიცებით, შეხვედრა გაიმართა ერთი დღით ადრე, სანამ უკრაინის მთავრობამ ჯგუფურ ვარჯიშებზე ნებართვა გასცა.

„უკრაინაში, ყველა კლუბმა იცის, რომ დნეპროპეტროვსკის „დნიპრო 1“-მა და ლუგანსკის „ზორიამ“ საკონტროლო მატჩი კარანტინის დროს ჩაატარეს. უკრაინის პროფესიული ლიგის ხელმძღვანელობა ამის შესახებ სიტყვას არ ძრავს. სკანდალზე მინიშნებაც კი არაა“, – აცხადებს ჟურნალისტი.

„უკრაინაში მასობრივი ღონისძიებები, მათ შორის სპორტიც, კვლავ აკრძალულია. თუ ვინმე ამხანაგურ მატჩს თამაშობს, შეხვედრის სტატუსი უნდა დადასტურდეს. თუ გუნდებმა ერთგვარი სასწავლო თამაში გამართეს, მაშინ ეს ერთი საკითხია. ჩვენ მატჩის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. არც ვიცი, ვარჯიშსა და ამხანაგურ თამაშებს შორის საზღვარი სად გადის“, – ამბობს უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის სამედიცინო კომიტეტის მოადგილე მაქსიმ ბეცკო.

საინტერესოა, რომ ანალოგიური ფაქტის გამო სკანდალი ავსტრიაშიც მოხდა. საფეხბურთო კლუბმა „ლასკმა” უნებართვოდ ივარჯიშა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.