უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების სააღდგომო გაცვლა შედგა
უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების სააღდგომო გაცვლა შედგა

უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების სააღდგომო გაცვლა შედგა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერმაკის ცნობით, უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 130 ადამიანი დაიბრუნა. გაცვლა ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. გათავისუფლებულებს შორის არიან უკრაინელი სამხედროები, მესაზღვრეები, მეზღვაურები, სახელმწიფო სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომლები, ეროვნული გვარდიის წევრები.

„აღდგომა. ამ დღესასწაულის კვინტესენცია არის იმედი. ეს არის სწორედ ის, რასაც გრძნობდნენ ტყვეების ახლობლები, რომლებიც ამდენ ხანს ელოდნენ მათ. ჩვენების სიცოცხლე ჩვენთვის ყველაზე დიდი ღირებულებაა. „გმირები უნდა იყვნენ ცოცხლები“, – ასე ამბობს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლის ამოცანასაც ასრულებს ჩვენი გუნდი, სამხედრო ტყვეების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბი“, – წერს ერმაკი „ტელეგრამში“.

ჯერჯერობით უცნობია, სააღდგომო გაცვლის შედეგად რამდენი სამხედრო ტყვე გადასცა უკრაინამ რუსეთს.