უკრაინა ამერიკისა და ევროპის ბანკებს მოუწოდებს, გაწყვიტონ ურთიერთობა კომპანიებთან, რომლებიც რუსული ნავთობით ვაჭრობენ
უკრაინა ამერიკისა და ევროპის ბანკებს მოუწოდებს, გაწყვიტონ ურთიერთობა კომპანიებთან, რომლებიც რუსული ნავთობით ვაჭრობენ

უკრაინა ამერიკისა და ევროპის ბანკებს მოუწოდებს, გაწყვიტონ ურთიერთობა კომპანიებთან, რომლებიც რუსული ნავთობით ვაჭრობენ. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, აღნიშნულის შესახებ ეკონომიკის საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, ოლეგ უსტენკომ გამოცემა „ფაინენშალ თაიმსთან“ ისაუბრა.

„ეკონომიკის საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ოლეგ უსტენკომ სთხოვა ბანკირებს, განსაკუთრებით ჯეიმი დაიმონს JPMorgan Chase-დან და ნოელ ქუინს HSBC-დან, შეწყვიტონ იმ კომპანიების დაფინანსება, რომლებიც ვაჭრობენ რუსული ნავთობით და ყიდიან სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ ნავთობისა და გაზის კომპანიების, „გაზპრომისა“ და „როსნეფტის“ აქციებს“, – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მათივე ცნობით, მიმდინარე კვირას ფინანსურ დაწესებულებებში გაგზავნილი წერილებში ბანკებს, მათ შორის Citigroup-სა და Crédit Agricole-ს, ბრალი ედებათ ომის გახანგრძლივებაში იმ კომპანიებისთვის სესხების გაცემის გამო, რომლებიც რუსულ ნავთობის მიწოდებით არიან დაკავებული. განცხადების მიხედვით, აღნიშნულ ბანკებს უკრაინის ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში მონაწილეობა დაებლოკებათ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია წერს, ოლეგ უსტენკომ განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინა ბანკების წინააღმდეგ გეგმავს საჩივრის შეტანას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, ხოლო უკრაინის სადაზვერვო სააგენტოები გააგრძელებენ ინფორმაციის შეგროვებას ფინანსური ინსტიტუტების შესახებ, რომლებიც მხარს უჭერენ რუსული საწვავით ვაჭრობას.

უსტენკოს ცნობით, HSBC-ისა და Crédit Agricole-ის აქტივების მართვის განყოფილებები ფლობენ წილებს „გაზპრომსა“ და „როსნეფტში“, ხოლო Citigroup კრედიტებით ამარაგებს რუსულ ნავთობისა და გაზის კომპანია Lukoil-სა და რუსულ კომპანია Vitol-ს. მისივე ინფორმაციით, JPMorgan ფლობს წილებს „გაზპრომში“, „სბერბანკსა“ და „როსნეფტში“.