უკრაინა აფრიკულ ქვეყნებს 50 000 ტონა ხორბალს უფასოდ გადასცემს
უკრაინა აფრიკულ ქვეყნებს 50 000 ტონა ხორბალს უფასოდ გადასცემს

უკრაინა აფრიკულ ქვეყნებს 50 000 ტონა ხორბალს უფასოდ გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, მინისტრთა კაბინეტმა გამოყო 420 მილიონი გრივნა ეთიოპიისა და სომალის ჰუმანიტარული დახმარებისთვის. მთავრობის დადგენილების თანახმად, აღნიშნული თანხა დაიხარჯება ეთიოპიისა და სომალისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიზნით 50 000 ტონა ხორბლის მისაწოდებლად.

ამასთან, უკრაინის მთავრობამ დაავალა საგარეო საქმეთა სამინისტროს, შეათანხმოს გაერო-სა და აფრიკის ორი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებთან ოდესის პორტიდან აღნიშნული ქვეყნების პორტებში ხორბლის მიწოდებისა და ტრანსპორტირების საფასურის გადახდის საკითხი საერთაშორისო ორგანიზაციების ხარჯზე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, სასურსათო შეთანხმების ფარგლებში უკრაინიდან ექსპორტირებული პროდუქტის მხოლოდ სამი პროცენტის მიწოდება მოხდა ღარიბ ქვეყნებში. აღნიშნულ განცხადებას უარყოფენ უკრაინის საგარეო საქმეთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში.