უხვგოლიანი შეხვედრა წყალტუბოში - „ტორპედომ“ „დინამოს“ გადაასწრო
უხვგოლიანი შეხვედრა წყალტუბოში - „ტორპედომ“ „დინამოს“ გადაასწრო

„კრისტალბეთ“ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე უხვგოლიანი და სანახაობრივი შეხვედრა წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ქუთაისის „ტორპედომ“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა და მე-18 ტურის ამ მატჩში მოვლენები მოულოდნელად იცვლებოდა.

ქუთაისელებმა შეხვედრის დასაწყისი მაღალ დონეზე ჩაატარეს და მე-18 წუთისთვის ანგარიშით 4:0-ს იგებდნენ. მე-2 წუთზე ანგარიში გიორგი ქიმაძემ გახსნა, მე-4 წუთზე საკუთარ კარში ბურთი საჩხერელთა თავდამსხმელმა მიშიკო სარდალიშვილმა ჩაჭრა. სამ წუთში ქიმაძემ დუბლი შეასრულა, ხოლო მე-18 წუთზე „ჩიხურას“ კარი გრიგოლ დოლიძემ აიღო.

საჩხერელები მხოლოდ ამის შემდეგ გამოფხიზლდნენ და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს – 22-ე წუთზე ქუთაისელთა კარი ბიძინა მახარობლიძემ აიღო, რომელმაც 61-ე წუთზე დუბლი შეასრულა, ხოლო ლაშა ჩიკვაიძემ (64) სხვაობა მინიმალურამდე შეამცირა. აღსანიშნავია, რომ მახარობლიძემ ორივეჯერ გოლი სარდალიშვილის გადაცემით გაიტანა.

ქუთაისელებმა ბოლოს უპირატესობის გაზრდა და საქმის გამარჯვებამდე მიყვანა მაინც მოახერხეს. 85-ე წუთზე საჩხერელთა კარი ვაჟა ტაბატაძემ აიღო და „ტორპედომ“ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოიგო – 5:3.

ქუთაისელებმა ამ მოგებით 30 ქულა დააგროვეს და თბილისის „დინამოს“ (29) გადაასწრეს, ხოლო „ჩიხურა“ (23 ქულა) მეხუთე ადგილზე დარჩა.