უხვგოლიანი შეხვედრა წყალტუბოში - „ტორპედომ“ დილა ვერ დაამარცხა
უხვგოლიანი შეხვედრა წყალტუბოში - „ტორპედომ“ დილა ვერ დაამარცხა

ქუთაისის „ტორპედომ“ გორის „დილა“ ვერ დაამარცხა და ლიდერებთან ჩამორჩენის მინიმალურამდე შემცირების შანსი ხელიდან გაუშვა.

ამ მატჩით „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ მე-16 ტური წყალტუბოს ცენტრალურ სტადიონზე გამართული ქუთაისელებისთვის ცუდად დაიწყო. მესამე წუთზე ქუთაისელთა მეკარე, როინ კვასხვაძე ბურთის თანაგუნდელზე გადაწოდებას აპირებდა, როდესაც გურამ გოშთელიანმა ფეხი დააფარა და „ტორპედოს“ კარი კურიოზული გოლით აიღო.

პირველი ტაიმის გმირი ქუთაისელთა თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე გახლდათ. მან მე-8 წუთზე ანგარიში გაათანაბრა, მე-12 წუთზე მშვენიერი სოლორეიდის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გრიგოლ დოლიძე დატოვა, რომელმაც ზუსტად დაარტყა – 2:1. 45+1-ე წუთზე კი ზივზივაძემ დუბლი შეასრულა.

მეორე ტაიმში თამაშის სცენარი მოულოდნელად შეიცვალა. 72-ე წუთზე ტოგელმა ლეგიონერმა დიდიე კოუგბენიამ სხვაობა შეამცირა, ხოლო 74-ე წუთზე ლევან ნონიკაშვილმა წონასწორობა აღადგინა – 3:3.

16 ტურის შემდეგ, ქუთაისელებმა 27 ქულა დააგროვეს და მესამე პოზიციაზე დარჩნენ, მაგრამ ლიდერებთან – „საბურთალოსთან“ და ბათუმის „დინამოსთან“ (ორივეს 31-31 ქულა აქვთ) სხვაობა შეამცირეს, ხოლო „დილა“ 19 ქულით მეშვიდეზეა. ზივზივაძეს რაც შეეხება, ქუთაისელთა თავდამსხმელმა (10 გოლი, 3 საგოლე) ბომბარდირთა ლიდერს, „საბურთალოს“ თავდამსხმელ ლაშა შინდაგორიძეს (9 გოლი, 1 საგოლე) გადაასწრო.