უხვგოლიანი შეხვედრა თურქულ შეკრებაზე - „კოლხეთი“ ბულგარულ „მონტანას“ დაუზავდა #1TVSPORT
უხვგოლიანი შეხვედრა თურქულ შეკრებაზე - „კოლხეთი“ ბულგარულ „მონტანას“ დაუზავდა #1TVSPORT

თურქულ შეკრებაზე მყოფმა ფოთის „კოლხეთი 1913“-მა ბელეკში პირველი ამხანაგური შეხვედრა ბულგარეთის მეორე ლიგის ერთ-ერთ ლიდერ „მონტანასთან“ გამართა და უხვგოლიანი მატჩი 3:3 დაასრულა.

„მონტანა“ პირველ ტაიმში 25 წლის თავდამსხმელის, კევინ ბემანგას დუბლით ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდა. „კოლხეთმა“ წონასწორობის აღდგენა სულ რაღაც ორ წუთში შეძლო – ბულგარელებს ჯერ ზურაბ ერაძემ გაუტანა, ანგარიში კი კურილ კლიმოვმა გაათანაბრა.

ვლადისლავ ცეკოვმა „მონტანა“ კვლავ წინ გაიყვანა. თუმცა, პირველი ტაიმის დამატებულ დროში საბა ზოიძემ თანაფარდობა ისევ აღადგინა. შესვენების შემდეგ გოლი აღარ გასულა, თუმცა, ბულგარელებს მოგების შანსი ჰქონდათ – 78-ე წუთზე ფოთელების კარში დანიშნული პენალტი ცეკოვმა შეასრულა და „კოლხეთის“ მეკარე დანილო რიაბენკომ ბურთი მოიგერია.

„კოლხეთის“ მთავარმა მწვრთნელმა დავით კვირკველიამ შეკრებაზე მყოფი ყველა ფეხბურთელი ათამაშა, მხოლოდ გიორგი ახალაძესა და ვატო არველაძეს არ უთამაშიათ. ორშაბათს ბელეკში „კოლხეთი 1913“ კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – ფოთელების მეტოქე ტაშკენტის „ოლიმპიკი“ იქნება.