უხვგოლიანი დღე „კრისტალბეთ“ ეროვნულ ლიგაში - კუტალიას ისევ გააქვს, „რუსთავმა“ პირველად გაიმარჯვა
„კრისტალბეთ“ ეროვნულ ლიგაში მე-11 ტურის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა. „დინამო არენაზე“ თბილისის „დინამომ“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 5:1.
შეხვედრა რთულ კლიმატურ პირობებში ჩატარდა, მოედანზე წყალი იდგა და ბურთის გაგორება ჭირდა.
„დინამო“ უპირატესობას თავიდანვე დაეუფლა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. ლევან კუტალიამ (3, 60) დუბლი შეასრულა, 1-1 გაიტანეს გიორგი პაპავამ (25), ბაქარ ქარდავამ (89) და ვიქტორ მონხილმა (90+1 ), ბოლნისელებიდან კი თავი ვილი ისიანმა (27) გამოიჩინა.
კუტალია ბომბარდირთა დავაში 7 გოლით მეორე ადგილზე დაწინაურდა და ერთი შედეგიანი დარტყმით ჩამორჩება ბოლნისელთა თავდამსხმელ ჯაბა უგულავას, რომელმაც ამ დაპირისპირებაში თავი ვერ გამოიჩინა.
„მიხეილ მესხი 2“-ზე აუტსაიდერების შეხვედრა გაიმართა – „ვიტ ჯორჯიამ“ „რუსთავი“ მიიღო და დამარცხდა. თუმცა, 28-ე წუთისთვის კახა კაკაშვილისა (2) და გიორგი გეთიაშვილის (28) გოლებით მასპინძლები 2:0-ს იგებდნენ. რუსთაველებმა მეორე ტაიმში მდგომარეობა გამოასწორეს და ბოლო 14 წუთში მეტოქეს გამარჯვება ხელიდან გამოგლიჯეს. მასპინძელთა კარი აიღეს ნიკა ყიფიანმა (76), ლუკა სილაგაძემ (83) და ფარხად გისტაროვმა (90+1). ბოლო გოლი ყიფიანის (90+1) გაფუჭებულ პენალტს მოჰყვა. მეკარე ჯონი შეროზიამ სტუმართა შემტევის დარტყმული მოიგერია, მაგრამ დამატებაზე რუსთაველთა ლეგიონერმა გუნდს მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოუტანა 2:3.
დღევანდელი შეხვედრები უხვგოლიანი გამოდგა – სამ მატჩში 16 გოლი გავიდა, ანუ საშუალოდ 5,3 გოლი.