უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით - ქეცბაია ლიდერთან აღებული ქულითაც იმედგაცრუებულია #1TVSPORT
უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით - ქეცბაია ლიდერთან აღებული ქულითაც იმედგაცრუებულია #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატში მე-11 ტურში გათამაშების ლიდერთან, ლიმასოლის „აპოლონთან“ ქულა მოიპოვა – 1:1.

„ასეთი მატჩები, როგორც ყოველთვის, დაძაბულია. მატჩი ცუდად დავიწყეთ და გოლიც ძალიან მარტივად გავუშვით. პირველ ტაიმში რაღაცის შეცვლას ვცდილობდით, მაგრამ ვერ შევძელით. მეორე ტაიმში შემადგენლობაში ცვლილებები შევიტანეთ და კარგად დავიწყეთ, ანგარიში კარგ დროს გავათანაბრეთ, მოგებას ვეცადეთ და კიდევ ორი კარგი მომენტი შევქმენით, მაგრამ მეორედ მეტოქის კარის აღება ვერ მოვახერხეთ“, – განაცხადა მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაიამ.

ქართველმა მწვრთნელმა შეხვედრის შედეგით იმედგაცრუება გამოხატა:

„ვიცოდი, რომ ეს რთული თამაში იქნებოდა. შესაძლოა, ფრე სამართლიანი შედეგი იყო, მაგრამ მეორე ტაიმში მეტოქე ათი ფეხბურთელით რომ დარჩა, „აპოლონის“ კართან საგოლე შანსები შევქმენით. ამის გამო, ცოტა იმედგაცრუებული ვარ – ვფიქრობ, რომ უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით“.

11 ტურის შემდეგ 13 ქულით „ანორთოსისი“ მე-7 პოზიციაზეა და ჩამორჩება „აპოელს“ (14 ქულა), სადაც ქართული სამეული, თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილის და გიორგი ქვილითაია თამაშობენ. ჩემპიონობისთვის ბრძოლის საშუალებას მხოლოდ ფინალურ ექვსეულში მოხვედრა იძლევა და ქეცბაიას გუნდს რეგულარული სეზონის ბოლომდე დაწინაურება სჭირდება.

დატოვე კომენტარი