გურამ ფალავანდიშვილი - პოლიციას აბსურდული შეკითხვები ჰქონდა, აინტერესებდათ, სად არის კომბლების საწყობი
გურამ ფალავანდიშვილი - პოლიციას აბსურდული შეკითხვები ჰქონდა, აინტერესებდათ, სად არის კომბლების საწყობი

უკანონო ფორმირების შექმნაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში 20-მდე პირი გამოკითხა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით არ ამბობენ,  აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვები ხვალაც გაგრძელდება თუ არა. ასევე უცნობია, საქმის გამოძიების ფარგლებში, დაიბარებენ თუ არა გამოკითხვაზე ბიზნესმენ ლევან ვასაძეს.

დღეს გამომძიებლების შეკითხვებს ათამდე პირმა უპასუხა. მათი თქმით, კითხვები შეეხებოდა იმ ჯგუფებს, რომელთა შექმნაც ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ კვირას, ვერის ბაღში გამართულ აქციაზე დააანონსა.

საქმის ფარგლებში ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ლევან ვასაძის ერთ-ერთი თანამოაზრის, გურამ ფალავანდიშვილის გამოკითხვაც.

„აბსურდული ბრალდებაა, რომელიც გაბათილდება. კითხვები იყო, თუ სად არის კომბლების საწყობი – აბსურდული შეკითხვები იყო. კითხვები დაისვა ჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით, რაც შეეხება ამ ჯგუფების შექმნის მიზანს და უფლებამოსილებას, ეს ჯგუფი მშვიდობიანი ფორმით შეეცდება, რომ პოლიციის კორდონი გაწიოს, რომ მათ ვერ შეძლონ ეს ჯოჯოხეთური აქციის ჩატარება.

ამ შემთხვევაში, გამოვრიცხავ, რომ პოლიციამ ერსა და ბერს ცეცხლი გაუხსნას, ნიჩაბი დაარტყას ან სააკაშვილივით თავში ურტყას და ჭავლი მიუშვას.

ჩვენი მხრიდან, ძალადობას გამოვრიცხავ. ერთადერთი ძალა იქნება დიდი რაოდენობის ძალის გამოყენება, რომ იქ არ შედგეს არც კონცერტი არც აქცია. იქნება მშვიდობიანი ძალის გამოყენება, რომელსაც იმედია, არც პოლიცია დაუშენს ტყვიას და არც ვიღაც აიღებს კომბალს“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობისა და მასში გაწევრიანების ფაქტებზე შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ბიზნესმენ ლევან ვასაძის ორგანიზებით ვერის ბაღში შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ თბილისში სახალხო რაზმების ორგანიზება მოხდება.

„ამ რაზმების სტრუქტურა იქნება მარტივი, იერარქიული, ერთმანეთზე აწყობილი და დაქვემდებარებული“, – განაცხადა ვასაძემ. ამასთან, ვასაძემ პოლიციელებს მიმართა – „რაც გააკეთეთ კანცელარიასთან, აღარ გამოგივათ, არც ერთ ჩვენიანს არ გაგატანთ“.