უიმბლდონის ყოფილ ჩემპიონს ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება #1TVSPORT
უიმბლდონის ყოფილ ჩემპიონს ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება #1TVSPORT

ჩოგბურთში პატიოსანი თამაშის უზრუნველყოფის საერთაშორისო სააგენტომ (ITIA), შესაძლოა, დისკვალიფიკაციით დასაჯოს 2023 წლის უიმბლდონის ჩემპიონი, ჩეხი მარკეტა ვონდროუშოვა. ამის მიზეზია მსოფლიოს ყოფილი მეექვსე ჩოგანის უარი დოპინგტესტის ჩაბარებაზე არასაშეჯიბრო პერიოდში – 2025 წლის 3 დეკემბერს. ამის შესახებ იტყობინება ვებგვერდი iSport.cz-ი. დისკვალიფიკაციის ვადა, შეიძლება, ოთხი წლით განისაზღვროს.

წყაროს ცნობით, ანტისადოპინგო წესების სავარაუდო დარღვევა უნდა განიხილოს დამოუკიდებელმა ტრიბუნალმა ლონდონში. ვონდროუშოვამ დაიქირავა ადვოკატთა გუნდი, რომელიც დარწმუნებულია ამ საქმეში ჩეხი ჩოგბურთელის გამარჯვებაში.

ვონდროუშოვას ვერსიით, გერმანიის ანტისადოპინგო სააგენტოს წარმომადგენელმა არ დაიცვა სტანდარტული პროცედურები – მას არ წარმოუდგენია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რის გამოც ჩოგბურთელი ძალიან შეშინდა.

„პირველ რიგში, საკუთარ უსაფრთხოებაზე ვფიქრობდი და ღამით უცნობი მამაკაცი არ შემოვუშვი სახლში. ის შემოსასვლელ კართან იდგა. როცა ქვემოთ ჩავედი, მან მაშინვე ლაპარაკი დამიწყო. თქვა, რომ ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია დოპინგკონტროლს ატარებდა და მე ის სახლში უნდა შემეშვა. მე მას არ ვიცნობდი და არ უჩვენებია არანაირი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მის უფლებას დოპინგტესტის ჩატარებაზე.

მე ძალიან მაწუხებდა ის, თუ ვინ იდგა ჩემი სახლის კართან, თანაც დოკუმენტების გარეშე. იმ მომენტში გავიფიქრე, რომ ნებისმიერს, ვინც კართან იდგებოდა, შეეძლო ასეთი რამ ეთქვა“, – აცხადებს ვონდროუშოვა.

აღსანიშნავია, რომ ჩეხმა ჩოგბურთელმა სამი დღის შემდეგ ჩააბარა დოპინგტესტი გერმანიის ანტისადოპინგო სააგენტოს სხვა თანამშრომელს.