უიმბლდონის საპრიზო ფონდი 11.8 პროცენტით გაიზარდა
უიმბლდონის საპრიზო ფონდი 11.8 პროცენტით გაიზარდა

2019 წელს უიმბლდონის საერთო საპრიზო ფონდი 49.43 მილიონ დოლარს გაუტოლდება. ეს 11.8 პროცენტით მაღალია, ვიდრე გასულ წელს, – წერს „დიდი სლემის“ ბრიტანული ტურნირის ოფიციალური გვერდი.

მამაკაცთა და ქალთა ტურნირების გამარჯვებულები 3.05 მილიონს მიიღებენ. შარშან, ეს რიცხვი 2.92 მილიონს უდრიდა.

ასე რომ, ახლა, უიმბლდონი საერთო საპრიზო ფონდით მხოლოდ აშშ-ის ღია პირველობას ჩამორჩება. შარშან, ნიუ იორკის კორტებზე 53 მილიონი დოლარი გათამაშდა.

გარდა ამისა, უიმბლდონის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ წელს ტურნირს ექნება მეორე კორტი, რომელიც მოძრავი სახურავით აღიჭურვება. ლაპარაკია „კორტი N1“-ზე, რომლის ტევადობაც 12 345 მაყურებლამდე გაიზრდება.

უიმბლდონი 2019 წელს 1-14 ივლისს გაიმართება.