უიმბლდონი 2026 | მამაკაცთა ტურნირის მერვედფინალის წყვილები #1TVSPORT
დასრულდა 1/16 ფინალი მამაკაცებს შორის. ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებენ როლან გაროსის ჩემპიონი ალექსანდრ ზვერევი და ფინალისტი ფლავიო კობოლი.
გერმანელმა ზედიზედ მე-10 მატჩი მოიგო „დიდი სლემის“ ტურნირებზე და გაიმეორა უიმბლდონზე თავისი საუკეთესო შედეგი – მერვედფინალში გასვლა, სადაც ირჟი ლეჰეჩკას შეხვდება. ზვერევს ჩეხთან ურთიერთშეხვედრებში 1:1 აქვს ანგარიში.
კობოლიმ კარენ ხაჩანოვთან პირველი სეტი 0:6 წააგო და სეტებში 1:2-ს აგებდა, მაგრამ ბოლო ორი პარტია ერთნაირი ანგარიშით – 6:2 მოიგო და ახლა ავსტრალიელ ალექს დე მინორს შეხვდება, რომელიც კარიერაში მეთხუთმეტედ ითამაშებს „დიდი სლემის“ ტურნირების 1/8 ფინალში.
ერთი წლის წინ, ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი 1/8 ფინალში სეტებში 2:0-ს უგებდა მომავალ ჩემპიონ იანიკ სინერს, მაგრამ ტრავმა მიიღო და იძულებული გახდა შეეწყვიტა შეხვედრა. ამის შემდეგ, მან სეზონის ბოლომდე მხოლოდ ერთი მატჩი ითამაშა, წელს კი ვერ ახერხებდა ფორმის აღდგენას და უიმბლდონამდე სამი კვირით ადრე „ჩელენჯერის“ სერიის ტურნირშიც კი ითამაშა. ბულგარელმა მეორე წრეში თავისზე 15 წლით უმცროსი ჩეხი იაკუბ მენშიკი დაამარცხა, ახლა კი ხუთსეტიან მატჩში ყოფილი ფინალისტი მატეო ბერეტინი დაამარცხა (6:3, 6:4, 3:6, 5:7, 6:3) და უიმბლდონის მერვედფინალში დაბრუნდა.
დღის ციფრები დააფიქსირა ყაზახმა ალექსანდრ ბუბლიკმა, რომელმაც ხუთ სეტში მოუგო ამერიკელ ფრენსის ტიაფოს (4:6, 7:6, 7:6, 4:6, 6:3): მეორე სეტში ბუბლიკმა ცხრა (!) სეტბოლი მოიგერია, ხოლო მთელი მატჩის განმავლობაში 48 ეისი ჩააწოდა.
1/8 ფინალის წყვილები
სინერი (იტა, 1)-მოჩიზუკი (იაპ)
ჰურკაჩი (პოლ)-შტრუფი (გერ)
ოჟე-ალიასიმი (კან, 3)-დავიდოვიჩ ფოკინა (ესპ, 22)
საფიულინი-ჯოკოვიჩი (სერ, 7)
დე მინორი (ავტრა, 5)-კობოლი (იტა, 9)
დიმიტროვი (ბულ)-ფერი (ბრიტ)
ფრიტცი (აშშ, 6)-ბუბლიკი (ყაზ, 10)
ლეჰეჩკა (ჩეხ, 13)-ზვერევი (გერ, 2)