უიმბლდონი 2019 - ვავრინკამ და ანდერსონმა პირველი ბარიერი გადალახეს
უიმბლდონი 2019 - ვავრინკამ და ანდერსონმა პირველი ბარიერი გადალახეს

ლონდონში „დიდი სლემის“ მესამე ტურნირი – უიმბლდონი დაიწყო. წარმატებით გაიარა პირველი რაუნდის ბარიერი შვეიცარიელმა ფავორიტმა სტენ ვავრინკამ. მე-19 ნომრად განთესილმა ჩოგბურთელმა რეიტინგის 171-ე ნომერი, ბელგიელი რუბენ ბემელმანსი საათსა და 29 წუთში გაანადგურა – 6:3, 6:2, 6:2.

ვავრინკამ ისე ჩაატარა სამი სეტი, რომ ერთი ბრეიკ-პოინტიც კი არ დაუთმო მეტოქეს. შვეიცარიელმა საკუთარ გეიმებში მხოლოდ 17 ქულა წააგო. მიღებაზე სტენმა 11 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ხუთჯერ აიღო მეტოქის მოწოდება.

მეორე რაუნდში ვავრინკა 21 წლის ამერიკელ რაილი ოპელკას შეხვდება.

პირველი წრის ბარიერი გაიარა შარშანდელმა ფინალისტმა რაიან ანდერსონმა. სამხრეთაფრიკელს უფრო სერიოზული მეტოქე ჰყავდა – მსოფლიოს 38-ე ჩოგანი პიერ-უგ ერბერი. ფრანგმა შეძლო ბრძოლა თავს მოეხვია ანდერსონისთვის – მეტოქეებს თანაბარი რაოდენობის ბრეიკ-პოინტები ჰქონდათ, მაგრამ ერბერს რეალიზაცია საერთოდ არ უვარგოდა: შვიდიდან ვერცერთი შანსი ვერ გამოიყენა, აფრიკელმა კი ოთხჯერ აიღო მეტოქის მოწოდება – 6:3, 6:4, 6:2.

ანდერსონს შესანიშნავი სტატისტიკა ჰქონდა: 16 ეისი ჩააწოდა, 40 „ვინერსი“ დააგროვა და მხოლოდ 18 უნებლიე შეცდომა დაუშვა. მისი მეტოქე მეორე რაუნდში ტიპსარევიჩისა და ნიშიოკას შეხვედრაში გაირკვევა.

ერბერი კი მთლიანად გადაერთვება წყვილთა ტურნირზე, სადაც ბრიტანელ ენდი მარეისთან ერთად უნდა გამოვიდეს.