უიმბლდონი 2019 - სტენ ვავრინკამ ტურის ყველაზე მაღალ ჩოგბურთელთან წააგო
უიმბლდონი 2019 - სტენ ვავრინკამ ტურის ყველაზე მაღალ ჩოგბურთელთან წააგო

ოთხშაბათს, უიმბლდონზე დაიწყო მეორე წრე და გაგრძელდა სენსაციები. ამჯერად, ბრძოლას გამოეთიშა შვეიცარიელი სტენ ვავრინკა. მან ხუთსეტიანი მარათონი წააგო ATP-ის ტურის ყველა დროის ყველაზე მაღალ ჩოგბურთელთან, 21 წლის ამერიკელ რაილი ოპელკასთან – 5:7, 6:3, 6:4, 4:6, 6:8. შეხვედრა სამი საათი და 16 წუთი მიმდინარეობდა.

თითოეულ სეტში ყველაფერს წყვეტდა ერთადერთი ბრეიკი. ვავრინკამ ბრეიკ-პოინტების რაოდენობით აჯობა მეტოქეს – 12 10-ის წინააღმდეგ, მაგრამ შვეიცარიელმა მხოლოდ ორი შანსი გამოიყენა, ამერიკელმა – სამი.

ორი მეტრი და 11 სანტიმეტრი სიმაღლის ოპელკამ 23 ეისი ჩააწოდა და 59 „ვინერსი“ დააგროვა. უიმბლდონის მესამე წრეში გასვლა საუკეთესო შედეგია ამერიკელისთვის „დიდი სლემის“ ტურნირებზე. ცნობისთვის, ოპელკას 2015 წელს იუნიორებს შორის უიმბლდონი აქვს მოგებული.

კარგი ფორმის დემონსტრირებას აგრძელებს ბელგიელი დავიდ გოფენი. ის ორი კვირის წინ, ჰალეს ტურნირის ფინალში გავიდა და იქ შვეიცარიელ როჯერ ფედერერთან წააგო. უიმბლდონზე კი ბელგიელმა ორი წრე დამაჯერებლად გაიარა. მეორე რაუნდში მან გაანადგურა გამოცდილი ფრანგი ჟერემი შარდი – 6:2, 6:4, 6:3.