უიმბლდონი 2019 - რაფაელ ნადალი ნახევარფინალში დამაჯერებლად გავიდა
უიმბლდონი 2019 - რაფაელ ნადალი ნახევარფინალში დამაჯერებლად გავიდა

უიმბლდონის მეოთხედფინალურ ეტაპზე რაფაელ ნადალი უპირისპირდებოდა ეისების ოსტატ ამერიკელს სემ კუერის და ორ საათსა და ცხრა წუთში გაუსწორდა მას – 7:5, 6:2, 6:2.

ნადალს შეეძლო უფრო იოლად და ნაკლებ დროში მოეგო, მაგრამ პირველი სეტის მიწურულს მოწოდებაზე თამაში აერია. ესპანელმა პირველი პარტია დამაჯერებლად დაიწყო – საკუთარ გეიმებში თითქმის არ ცდებოდა, მესამე გეიმში კი ბრეიკი შეასრულა და სეტის მოგებას მიუახლოვდა – მერვე გეიმში რაფაელმა სამი სეტბოლი ვერ გამოიყენა, მეცხრეში სეტზე აწვდიდა და კიდევ ერთი სეტბოლი გაანიავა, კუერიმ ბრეიკი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. ნადალმა არ ჩამორჩა მეტოქეს და მანაც აიღო ბრეიკი და ისევ გაუჭირდა სეტზე ჩაწოდება – კუერის ოთხი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ მაინც გადაულოცა ესპანელი გეიმიც და სეტიც.

საბოლოოდ, სწორედ ეს აღმოჩნდა მატჩში ყველაზე რთული მონაკვეთი ნადალისთვის. მომდევნო ორი სეტი მან ორ-ორი ბრეიკით მოიგო, მეტოქეს კი ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა, რომელიც კუერიმ ვერ გამოიყენა.

ნადალმა ძალიან კარგად ითამაშა მიღებაზე – 16 ბრეიკ-პოინტი გამომუშავა და ექვსი ბრეიკი შეასრულა. არადა, ამ მატჩამდე კუერის მხოლოდ ერთი საკუთარი გეიმი ჰქონდა წაგებული ტურნირზე. ესპანელმა ისევ საიმედოდ და აკურატულად იმუშავა – მხოლოდ 12 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ამასთან, 44 “ვინერსი” დააგროვა. ასევე აღვნიშნოთ პირველი მოწოდებით აღებული ქულების 82 პროცენტი.

ფედერერი და ნადალი 2008 წლის ლეგენდარული ფინალის შემდეგ, პირველად ითამაშებენ ერთმანეთის წინააღმდეგ უიმბლდონზე. ჯამში კი ეს მათი მე-40 მატჩი იქნება ტურში. ნადალი წინ არის – 24:15. როჯერი და რაფა ბოლოს ცოტა ხნის წინ, როლან გაროსის ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და ნადალმა სამ სეტში მოიგო.