უიმბლდონი 2019 - მსოფლიოს პირველი ჩოგანი ბრძოლას გამოეთიშა
უიმბლდონი 2019 - მსოფლიოს პირველი ჩოგანი ბრძოლას გამოეთიშა

უიმბლდონზე მერვედფინალური ეტაპი მორიგი სენსაციით დაიწყო – ტურნირს ჩამოშორდა როლან გაროსის ჩემპიონი, მსოფლიოს ახალი პირველი ჩოგანი ეშლი ბარტი. ავსტრალიელმა საათსა და 39 წუთში წააგო 29 წლის ამერიკელ ალისონ რისკესთან.

ბარტიმ პირველ სეტში გაამართლა ფავორიტის სტატუსი და დაწინაურდა. ამის შემდეგ, რისკემ მინიმუმამდე დაიყვანა შეცდომები საკუთარ მოწოდებაზე – მომდევნო ორ სეტში ბარტის ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა. ამერიკელი კი თავის შანსს ხელიდან არ უშვებდა – მან მატჩში ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ოთხივე გამოიყენა: აქედან ორი მეორე სეტში და ერთი – მესამეში.

რისკეს მხოლოდ 15 უნებლიე შეცდომა და 30 „ვინერსი“ ჰქონდა და საათსა და 39 წუთში მოიგო – 3:6, 6:2, 6:3. აღსანიშნავია, რომ ამ უიმბლდონზე ალისონმა ოთხივე მატჩი სამ სეტში მოიგო, აქედან სამში მდევრის როლში იმყოფებოდა.

ამერიკელი კარიერაში პირველად მოხვდა დიდი სლემის ტურნირის მეოთხედფინალში. ამ ეტაპზე მისი მეტოქე სერენა უილიამსისა და კარლა სუარეს ნავაროს შეხვედრაში გაირკვევა.