უიმბლდონის დრამატულ ფინალში ჯოკოვიჩმა ფედერერი დაამარცხა | უიმბლდონი 2019
უიმბლდონის დრამატულ ფინალში ჯოკოვიჩმა ფედერერი დაამარცხა | უიმბლდონი 2019

ლონდონში უიმბლდონზე მამაკაცთა ტურნირის ფინალი დასრულდა. გადამწყვეტ მატჩში მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი შვეიცარიელ როჯერ ფედერერს ხვდებოდა. ჩოგბურთელებმა წლის მატჩი ითამაშეს და სერბმა ხუთი საათისა და ორი წუთის შემდეგ მოიგო – 7:6(5), 1:6, 7:6(4), 4:6, 13:12(3). ნოვაკმა მეხუთედ მოიგო უიმბლდონი და მეთექვსმეტედ „დიდი სლემის“ ტურნირი. ამ მაჩვენებლით ის ფედერერსა (20) და რაფაელ ნადალს (18) ჩამორჩება.

პირველი სამი პარტია ისე ჩატარდა, რომ ჯოკოვიჩს ერთი ბრეიკპოინტიც არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, სამი სეტის შემდეგ, ნოვაკი ანგარიშით 2:1-ს იგებდა. მან შეძლო პირველ და მესამე სეტებში მეტოქის თითო ბრეიკპოინტის მოგერიება და შემდეგ ტაიბრეიკზე მოგება. აღსანიშნავია, რომ პირველი სეტის მე-13 გეიმში მან 3:5-დან შეძლო ზედიზედ ოთხი ქულის აღება და პარტიის მოგება. მესამე სეტის მეათე გეიმში კი ერთი სეტბოლი მოიგერია.

რაც შეეხება მეორე სეტს, ის ფედერერის სრული უპირატესობით წარიმართა – შვეიცარიელმა სამი ბრეიკი აიღო და ერთი გეიმი დაუთმო მეტოქეს.

დაახლოებით ასეთი უპირატესობა ჰქონდა ფედერერს მეოთხე სეტში – ის ორმაგი ბრეიკით ანგარიშით 5:2 დაწინაურდა და მხოლოდ ამის შემდეგ, მერვე გეიმში გამოიმუშავა ჯოკოვიჩმა მატჩში პირველი ბრეიკპოინტები და შეასრულა პირველი ბრეიკი. თუმცა, როჯერმა მეორე ჯერზე მაინც ჩააწოდა სეტზე და ანგარიში გაათანაბრა.

მეხუთე სეტში ინიციატივა ჯოკოვიჩის მხარეს გადავიდა. სერბმა მეოთხე გეიმში სამი ბრეიკპოინტი ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ, მეექვსე გეიმში შეძლო ეს და ძალიან მიუახლოვდა უიმბლდონის მეხუთე ტიტულს. და როცა უმეტესობას ეგონა, რომ თითქმის ოთხსაათიანი ბრძოლით გადაღლილი ფედერერი ვეღარ შეძლებდა მატჩის გადარჩენას, ლეგენდამ მომდევნო გეიმში შეძლო უკუბრეიკის შესრულება და ბრძოლა გაგრძელდა.

7:7-მდე ჩოგბურთელები ბრეიკპოინტების გარეშე მივიდნენ. ეს სერია ფედერერმა შეწყვიტა, როცა მე-15 გეიმში თავისი მეშვიდე ბრეიკი შეასრულა და მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო. როჯერმა ეს შანსი ვერ გამოიყენა: 40:15-ს იგებდა, ორმაგი მატჩბოლი ჰქონდა და მაინც მოახერხა საკუთარი გეიმის წაგება – 8:8.

მორიგი კრიზისული მომენტი ჯოკოვიჩს 23-ე გეიმში დაუდგა, როცა ფედერერმა ორი ბრეიკპოინტი მიიღო, მაგრამ სერბმა ორივეჯერ მოიგერია საფრთხე. საბოლოოდ, 24 გეიმის შემდეგ, ანგარიში თანაბარი იყო – 12:12. ახალი წესების თანახმად, გადამწყვეტ სეტში ასეთ ანგარიშზე ტაიბრეიკი თამაშდება.

ტაიბრეიკებზე კი დღეს ფედერერს არ უმართლებდა – შვეიცარიელმა ორი მინიბრეიკი დაუთმო მეტოქეს, ჯოკოვიჩმა კი თავის მოწოდებაზე ერთი ქულაც არ დათმო და ეს ეპიკური მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

არადა, ძირითადი სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ფედერერი უფრო იმსახურებდა ტიტულს:

ეისები – 25:10

ორმაგი შეცდომები – 6:9

ბრეიკპოინტები – 13:8

ბრეიკები – 7:3

ვინერსები – 94:54

უნებლიე შეცდომები – 61:52

ნოვაკ ჯოკოვიჩმა გაზარდა ფედერერთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა – 26:22.