უიმბლდონი 2019 - ენდი მარეი და სერენა უილიამსი მიქსტის ტურნირიდან გამოვარდნენ
უიმბლდონი 2019 - ენდი მარეი და სერენა უილიამსი მიქსტის ტურნირიდან გამოვარდნენ

მერვედფინალიდან გამოეთიშნენ უიმბლდონის მიქსტის ტურნირს ბრიტანელი ენდი მარეი და ამერიკელი სერენა უილიამსი. პირველი ორი ბარიერის დამაჯერებლად გავლის შემდეგ, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგნებმა პირველ ნომრად განთესილ წყვილთან წააგეს. ეს დუეტი ამერიკელი ნიკოლ მელიხარისგან და ბრაზილიელი ბრუნო სოარეშისგან შედგება.

შეხვედრა საათი და 32 წუთი გაგრძელდა და სამ სეტში დასრულდა – 6:3, 4:6, 6:2. პირველ სეტში მელიხარმა და სოარეშმა ერთადერთი ბრეიკით მოიგეს. ასევე ერთი ბრეიკი იკმარეს მარეიმ და უილიამსმა მეორე სეტის მოსაგებად. მესამე პარტიის ბედი თავიდანვე გადაწყდა, როცა მელიხარმა და სოარეშმა ორმაგი ბრეიკით დაწინაურება მოახერხეს და შანსი ხელიდან აღარ გაუშვეს.

მეტოქეებს თანაბარი რაოდენობის ბრეიკ-პოინტები ჰქონდათ – ოთხ-ოთხი. მელიხარმა და სოარეშმა სამი ბრეიკი შეასრულეს, მარეიმ და უილიამსმა – ორი. საინტერესოა, რომ ბრიტანელმა და ამერიკელმა მხოლოდ სამი უნებლიე შეცდომა დაუშვეს, მაგრამ მაინც დამარცხდნენ.