უგოლო ფრე „არარატ არმენიასთან“ – „დინამო თბილისს“ გორდეზიანი და ბარნს ოსეი დაუბრუნდნენ #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ მოსამზადებელ ეტაპზე მესამე სპარინგ-მატჩი „დინამო არენაზე“ ერევნის „არარატ არმენიასთან“ ჩაატარა. შეხვედრა უგოლოდ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.
შეხვედრის დაწყებამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ტრაგიკულად დაღუპული პორტუგალიელი ფეხბურთელის, დიოგო ჟოტას და მისი ძმის ხსოვნას.
მატჩში მონაწილეობა მიიღო „სარაევოდან“ დაბრუნებულმა ახალგაზრდული ნაკრების შემტევმა, ვასილიოს გორდეზიანმა, რომელიც ბოსნიურ კლუბში იჯარით თამაშობდა. მეორე ტაიმში კი გუნდის მაისურით გამოჩნდა ბარნს ოსეი – განელი ნახევარმცველი, რომელიც „დინამოს“ ახლახანს შეუერთდა. ოსეი დედაქალაქური კლუბის ღირსებას 2021-2023 წლებში უკვე იცავდა, ხოლო ბოლოს ისრაელის „ბნეი სახნინში“ ასპარეზობდა.
გუნდს ახალგაზრდული ნაკრებიდან დაბრუნებული ფეხბურთელებიც შეუერთდნენ. ნოდარ ლომინაძეს ტრავმა აწუხებს და ამ მიზეზით დღევანდელი მატჩის გამოტოვება მოუწია. ასევე ტრავმირებულნი არიან ვაკო გვილია და ნიკოლოზ უგრეხელიძე. იგივე მიზეზით არ უთამაშია როლანდო აარონსს, რომელიც ამჟამად სინჯებზე იმყოფება.
ლადო კაკაშვილის გუნდი, საქართველოს თასის შეხვედრამდე, კიდევ ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. „დინამოელები“ 8 ივლისს რიზეში თურქულ „რიზესპორს“ დაუპირისპირდებიან, ხოლო 12 ივლისს ტრაბზონში – „ტრაბზონსპორს“ გაეჯიბრებიან.