უგო ეკიტიკეს მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება ემუქრება #1TVSPORT

01:04, 15.04.2026

„ლივერპულისა“ და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა, უგო ეკიტიკემ დაზიანება მიიღო ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ.

პორველი ტაიმის შუაში 23 წლის ფორვარდი მინდორზე დაეცა – ის კოჭს იტკიებდა და საკაცით გაიყვანეს მოედნიდან. ლივერპულელთა მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ეკიტიკეს ტრავმა სერიოზული ჩანს.

„ერთი შეხედვით, ყველაფერი ძალიან ცუდად მოჩანს, მაგრამ მიჭირს თქმა, რამდენად სერიოზულია მდგომარეობა. ჩატარდება სამედიცინო შემოწმება, რომელიც დაადგენს ტრავმის ხარისხს. ვნახოთ, მაგრამ უკვე ცხადია, რომ საქმე არც ისე კარგადაა“, – განაცხადა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.

როგორც Sky Sports-ი აღნიშნავს, ეკიტიკეს, შესაძლოა, აქილევსის მყესი აქვს გაწყვეტილი. ასეთ შემთხვევაში ფრანგს მოუწევს მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება, რომელიც 11 ივნისს დაიწყება.

ამ სეზონში ეკიტიკემ ყველა ტურნირზე 45 მატჩში 17 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი