უფრო მაღალი დონის სპორტსმენები ჩამოდიან - გოლფში საქართველოს ღია ჩემპიონატი დასრულდა #1TVSPORT
უფრო მაღალი დონის სპორტსმენები ჩამოდიან - გოლფში საქართველოს ღია ჩემპიონატი დასრულდა #1TVSPORT

დასრულდა საქართველოს ღია ჩემპიონატი გოლფში, რომელიც საქართველოს გოლფის ფედერაციისა და „თბილისი ჰილსის“ ორგანიზებით ჩატარდა. ტურნირი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა – ქალთა და კაცთა შეჯიბრში მთავარი პრიზისთვის 10 ქვეყნის 40-მდე სპორტსმენი იბრძოდა.

საქართველოს გოლფის ფედერაცია 2007 წლიდან არსებობს და ევროპული ფედერაციის სრულუფლებიანი წევრია. საქართველოს ნაკრები 2019 წელს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე იყო, რომელიც ლიეტუვაში ჩატარდა. ორგანიზატორების შეფასებით, ტურნირებში ხშირი მონაწილეობა ქართველ გოლფერებს საერთო დონის გაზრდაში ეხმარება.

ანდრო შილაკაძე, (გოლფის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი): „საკმაოდ დაძაბული და საინტერესო ტურნირი გამოვიდა, რაც ძალიან გვიხარია, რადგან წლიდან წლამდე იზრდება გოლფით დაინტერესებულთა რაოდენობა, ეს კი საერთო კლასზეც ახდენს გავლენას“.

„საქართველოს ჩემპიონატი გოლფში დიდი ხანია არაა, რაც ტარდება, მაგრამ უკვე ტრადიციული გახდა და საკმაოდ ბევრი ქვეყნიდან მოდიან მონაწილეები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უფრო მაღალი დონის სპორტსმენები ჩამოდიან. ეს ქართველი გოლფერების დონეს დაეტყო და მიმაჩნია, რომ პროგრესი აშკარაა“, – ამბობს ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორი თამუნა ბეციაშვილი-ჯერვისი.