უფლებადამცველთა ცნობით, „თალიბანის“ მიერ ქაბულის დაკავების შემდეგ, ავღანეთიდან ირანში ყოველდღიურად 5 000-მდე ავღანელი გადადის
უფლებადამცველთა ცნობით, „თალიბანის“ მიერ ქაბულის დაკავების შემდეგ, ავღანეთიდან ირანში ყოველდღიურად 5 000-მდე ავღანელი გადადის

„თალიბანის“ მიერ ქაბულის დაკავების შემდეგ ავღანეთიდან ირანში ყოველდღიურად ოთხი-ხუთი ათასი ავღანელი გადადის. შესაბამის მონაცემებს ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო ავრცელებს.

ჰუმანიტარული ორგანიზაციის განცხადებით, თალიბების მიერ ქვეყანაზე კონტროლის დამყარებიდან ირანის საზღვარი 300 ათასამდე ავღანელმა გადაკვეთა. უფლებადამცველები მსოფლიო თანამეგობრობას ირანისადმი საერთაშორისო მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

„ირანი ვერ მიიღებს ამდენ ავღანელს საერთაშორისო საზოგადოების ასეთი მცირე დახმარებით. დაუყონებლივ უნდა გაფართოვდეს დახმარება როგორც ავღანეთის შიგნით, ისე მეზობელ ქვეყნებში, როგორიცაა ირანი, მომაკვდინებლად ცივი ზამთრის წინ“, – ნათქვამია ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს გენერალური მდივნის, იან ეგელანდის განცხადებაში.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, იძულებით გადაადგილებული ხუთი მილიონი ავღანელიდან 90 პროცენტმა ირანსა და პაკისტანს შეაფარა თავი, თუმცა ყველა მათგანს ლტოლვილის სტატუსი არ გააჩნია.

„ჩვენ ვაფასებთ, რომ ირანმა მიიღო იძულებით გადაადგილებული მილიონობით ავღანელი ბოლო 40 წლის განმავლობაში. თუმცა ახლა საჭიროა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ გააძლიეროს ავღანეთის მეზობლების მხარდაჭერა“, – განაცხადა ეგელანდმა.