UFC-ს პრეზიდენტი დანა უაითი - მართლაც შთამბეჭდავია, რაც მერაბ დვალიშვილმა შეძლო #1TVSPORT
UFC-ს პრეზიდენტი დანა უაითი - მართლაც შთამბეჭდავია, რაც მერაბ დვალიშვილმა შეძლო #1TVSPORT

UFC-ს პრეზიდენტმა, დანა უაითმა პრესკონფერენციაზე მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა, რომელიც ორგანიზაციის სუპერმსუბუქი დივიზიონის (61კგ) ქამრის დაცვას დეკემბერში რუს პიტერ იანთან შეხვედრაში შეეცდება.

„დრო დამჭირდა, რომ მერაბის მიმართ თბილი დამოკიდებულება გამჩენოდა, ახლა კი შესანიშნავი დამოკიდებულება მაქვს. მომწონს მისი მენტალიტეტი. მას სურს, გახდეს პირველი ჩემპიონი ისტორიაში, რომელიც ქამარს ერთ კალენდარულ წელში ოთხჯერ დაიცავს. მართლაც შთამბეჭდავია, რაც მერაბ დვალიშვილმა შეძლო, რა გზაც მან გამოიარა როგორც მებრძოლმა და ჩემპიონმა“, – ამბობს დანა უაითი.

34 წლის დვალიშვილმა შერეულ ორთაბრძოლებში 25 შეხვედრა გამართა, საიდანაც 21 მოიგო. ორგანიზაცია UFC-ში მას ზედიზედ 14 გამარჯვება აქვს, რაც ისტორიაში მეოთხე საუკეთესო შედეგია.

ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი 2024 წლის სექტემბერში ამერიკელი შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ გახდა, ხოლო 2025 წელს ქამარი სამჯერ წარმატებით დაიცვა – იანვარში უმარ ნურმაგომედოვს სძლია, ივნისში კვლავ შონ’ომალის მოუგო, ხოლო ოქტომბერში კორი სენდჰეგენი დაამარცხა.

დვალიშვილისა და იანის საჩემპიონო შეხვედრა 7 დეკემებრს ლას ვეგასში ჩატარდება. მებრძოლთათვის ეს მეორე დაპირისპირება იქნება. 2023 წლის მარტში ქართველმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.