UFC | მერაბ დვალიშვილი - მსურს, ქამარი მომავალ წელსაც ოთხჯერ დავიცვა #1TVSPORT
UFC | მერაბ დვალიშვილი - მსურს, ქამარი მომავალ წელსაც ოთხჯერ დავიცვა #1TVSPORT

მინდა, მომავალ წელსაც იგივე გავაკეთო, ტიტული ოთხჯერ დავიცვა. ამ ბრძოლით უკვე პირველი ვიქნები, ვინც ოთხჯერ დაიცავს ქამარს და რეკორდს მოვხსნი. თუ შემდეგ წელსაც ოთხჯერ ვიბრძოლებ, ესეც ახალი რეკორდი გახდება, – ამის შესახებ UFC-ს ოფიციალურ გვერდთან მერაბ დვალშვილმა განაცხადა.

ორგანიზაციის სუპერმსუბუქი დივიზიონის (61კგ) ჩემპიონის თქმით, პიოტრ იანთან მოახლოებული საჩემპიონო ბრძოლისთვის მზადაა.

„ოქტაგონზე დაბრუნება დიდებული გრძნობაა. მიყვარს, როცა მუდმივად აქტიური ვარ. ამჟამად, წონის კლების გარდა, ყველაფერი იდეალურად მიდის. 2025 წელს ტიტულის მეოთხედ დაცვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბრძოლა ჩემი სტიქიაა და მჭირდება მუდმივად აქტიურ რეჟიმში ყოფნა. დიდ მადლობას ვუხდი UFC-ს, რომ უკვე მეოთხედ მომცა ბრძოლის შესაძლებლობა. ახლა მიზანი წონის აღდგენაა, ამ ბრძოლაში გამარჯვება და შემდეგ წელსაც ამავე გზის გაგრძელება.

„მინდა, მომავალ წელსაც იგივე გავაკეთო, ტიტული ოთხჯერ დავიცვა. ამ ბრძოლით უკვე პირველი ვიქნები, ვინც ოთხჯერ დაიცავს ქამარს და რეკორდს მოვხსნი. თუ შემდეგ წელსაც ოთხჯერ ვიბრძოლებ, ესეც ახალი რეკორდი გახდება.

UFC-ს მუდამ ვეუბნები, რომ მსურს, ქამარი შევინარჩუნო, მუდმივად მზად ვარ გამოსვლისთვის. რა თქმა უნდა, ტრავმები და ცხოვრების სირთულეები ყველას გვაქვს, მაგრამ ჩემთვის ეს დაბრკოლება არ არის. უბრალოდ ძალიან მიყვარს ბრძოლა და ეს პროცესი ენერგიით მავსებს.

ახლა ვფიქრობ, რომ პიოტრ იანი ყველაზე მეტად იმსახურებს საჩემპიონო შანსს, მან ზედიზედ სამი ბრძოლა მოიგო, საშიში მეტოქეა და თან ვიცი, რომ ჩემთან წაგების გამო შურისძიება უნდა. დარწმუნებული ვარ, თავის მაქსიმუმს ჩადებს ამ შეხვედრაში.

მოდუნება არ შეიძლება და არც მაქვს ამის უფლება. დიახ, მასთან პირველ ჩხუბში გავიმარჯვე, მაგრამ ახლა უნდა შევინარჩუნო იგივე ენერგია. პიოტრი ნამდვილად სერიოზული მებრძოლია და გულშემატკივრებს ძალიან კარგ ბრძოლას ვაჩვენებთ. არ მგონია, რომ ისეთი ცალმხრივი შეხვედრა გამოვიდეს, როგორც ჩვენი პირველი დაპირისპირება იყო.

მეორე წონის ჩემპიონობა? ახლა თავს კომფორტულად და ბედნიერად ვგრძნობ. ჩემი მიზანი საკუთარი დივიზიონის ქამრის დაცვაა. ჯერ იანისნაირ ძლიერ მეტოქეზე უნდა ვიყო კონცენტრირებული, შემდეგ კი სხვა მეტოქეებიც გვყვავს ჩვენს დივიზიონში.

თუ UFC-ი მეტყვის, რომ წონითი კატეგორია შევცვალო ან სუპერბრძოლა ჩავატარო, პრობლემა არ იქნება, დავთანხმდები. მაგრამ ამ მომენტში მხოლოდ ჩემს წონით კატეგორიაზე ვარ ფოკუსირებული“, – განაცხადა დვალიშვილმა.

34 წლის ქართველი მებრძოლი რუს პიოტრ იანთან სუპერსმუბუქი წონის ქამრის შესანარჩუნებლად 7 დეკემბერს ლას ვეგასში იბრძოლებს.

დვალიშვილმა ტიტული 2024 წლის სექტემბერში შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა და 2025 წელს უკვე სამჯერ დაიცვა. თუ ამას მეოთხედაც მოახერხებს, ისტორიაში პირველი მებრძოლი გახდება, რომელიც კალენდარული წლის მანძილზე ოთხ საჩემპიონო ბრძოლას მოიგებს.

ქართველი სპორტსმენი იანს პირველად 2023 წლის მარტში შეხვდა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.