UFC | ისლამ მახაჩევი - ვფიქრობ, ილია თოფურიას კონორ მაკგრეგორზე ძლიერი დარტყმა აქვს, თუმცა ირლანდიელი უკეთესი კონტრდარტყმებით გამოირჩეოდა #1TVSPORT
UFC-ს ქვესაშუალო დივიზიონის (77კგ) ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა ილია თოფურიასა და კონორ მაკგრეგორის საბრძოლო უნარები ერთმანეთს შეადარა.
მახაჩევი მიიჩნევს, რომ დარტყმის ძალის თვალსაზრისით ქართველი მებრძოლი ირლანდიელს აღემატება, თუმცა უკეთესი კონტრდარტყმები მაკგრეგორს აქვს.
„ვფიქრობ, დარტყმის ძალის თვალსაზრისით თოფურია მაკგრეგორს აღემატება, თუმცა კონტრდარტყმებზე ირლანდიელი უკეთესი იყო. ის ელოდებოდა მომენტს, თავიდან ირიდებდა შეტევებს და შემდეგ პასუხობდა. საერთო ჯამში, ვფიქრობ, ის უკეთესი იყო“, – აღნიშნა მახაჩევმა.
ორგანიზაცია UFC ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას პოტენციურ ბრძოლაზე ბევრს მუშაობდა. შეხვედრის ორგანიზება 2025 წელს ვერ მოხერხდა, თუმცა ექსპერტების დიდი ნაწილი თვლის, რომ მოლაპარაკებები მომავალშიც გაგრძელდება, აღნიშნული ჩხუბი კი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მასშტაბური დაპირისპირება იქნება, რომელიც UFC-ს ეგიდით ჩატარდება.