UFC-ის უკვე დავუკავშირდი, მზად ვარ, 19 აპრილს მეც ვიბრძოლო - ექსკლუზიური ინტერვიუ მერაბ დვალიშვილთან (ვიდეო)

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო ქაოსი შექმნა. ყველა სფერო ფაქტობრივად პარალიზებულია და ღონისძიებები გაურკვეველი ვადით არის გადადებული. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისევე როგორც მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში სპორტული დარბაზები დახურულია, ეს კი აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ათლეტებისთვის საკმაოდ დიდ დისკომფორტს და პრობლემებს ქმნის. სპორტსმენებს საკუთარი ძალებით, სახლის პირობებში უწევთ ვარჯიში და ფორმის შენარჩუნება.

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ამჟამად ნიუ იორკში იმყოფება და მიუხედავად იმისა, რომ მისი დარბაზი დახურულია ფორმის შენარჩუნებას მაინც ახერხებს. ჩვენ მერაბს დავუკავშირდით და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

კორონავირუსმა მსოფლიო სპორტი პარალიზებული გახადა. ეს ufc-ზეც აისახა. ამ მძიმე პერიოდში, როდესაც დარბაზებიც კი არ მუშაობს, როგორ ახერხებ ფორმის შენარჩუნებას?

„კი ყველაფერი გაჩერებულია, მათ შორის ჩვენი სავარჯიშო დარბაზიც უსაფრთხოების მიზნით დახურულია. ყველანი ძალიან ფრთხილად ვეკიდებით ამ პრობლემას. ვცდილობ, სახლის პირობებში ვივარჯიშო. დავრბივარ პარკში და სტადიონზე. სახლის პირობებში ვაკეთებ აზიდვებს, ჩაჯდომებს, პრესის ვარჯიშებს და ჩრდილთან ბრძოლას. ასევე მეგობართან ერთად ხან ეზოში და ხან სტადიონზე ვსპარინგობ და კომბინაციას ვამუშავებთ“.

ვისთან ერთად ვარჯიშობ ხოლმე?

„ალჯამაინ სტერლინგთან ერთად ვვარჯიშობ ამჟამად. მისი სახლის ფარეხი დავალაგეთ და ერთგვარ დარბაზად გადავაკეთეთ. აქამდე ეზოში ვვარჯიშობდით, როცა კარგი ამინდი იყო და არ წვიმდა, მაგრამ ახლა ცუდი ამინდის შემთხვევაში ახალი ადგილი გვაქვს სავარჯიშოდ“.

რა რჩევას მისცემდი იზოლაციაში მყოფ მოსახლეობას და სპორტსმენებს, ვისაც არ აქვს საშუალება, რომ დარბაზებში ივარჯიშონ?

„ყველას ვურჩევ, პირველ რიგში დაიცავით უსაფრთხოების წესები. მაქსიმალურად მოერიდეთ და შეამცირეთ ადამიანებთან ფიზიკური კონტაქტი. არ გახვიდეთ ხალხმრავალ ადგილებში. შეგიძლიათ, ივარჯიშოთ სახლის პირობებში და გარეთ ირბინეთ მხოლოდ იზოლირებულად და დაცულად.ინტერნეტში ბევრი ვიდეოა თუ, როგორ შეგვიძლია ვივარჯიშოთ სახლის პირობებში და აუცილებლად ივარჯიშეთ, რომ სტრესი მოიხსნათ“.

ამერიკაში და კონკრეტულად ნიუ იორკში, როგორი ვითარებაა კორონავირუსთან მიმართებაში? ხომ არ არის ცნობილი დაახლოებით, როდის ფიქრობს სახელმწიფო ჩვეულ რიტმში დაბრუნებას?

„ნიუ ორკში დაინფიცირებული ადამიანების საკმაოდ დიდი რაოდენობაა. მე ქალაქგარეთ ვცხოვრობ და არ მიწევს მეტროთი ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა. 15 აპრილს ფიქრობს და სურვილი აქვს ამერიკის პრეზიდენტს ჩვეულ რიტმში დაბრუნების“.

ხაბიბისა და ფერგიუსონის ბრძოლა 19 აპრილს მაინც გაიმართება. რას იტყოდი ამ დაპირისპირების ფავორიტზე და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ​ კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად ეს ბრძოლა მაინც ჩატარდება?

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლაა, ბევრი ადამიანი ელოდება ამ დაპირისპირებას. იცით, რომ აქამდე ოთხჯერ ჩაიშალა მათი ბრძოლა. ufc-მ ყველაფერი გააკეთა და აკეთებს იმისათვის, რომ ეს ბრძოლა როგორმე ჩატარდეს. ცნობილია, ის რომ ნიუ იორკში აღარ გაიმართება. ჯერ ზუსტად არაა ოფიციალურად ცნობილი, სად ჩატარდება ეს ბრძოლა. მე უკვე დაუკავშირდი UFC-ის და ვუთხარი თუ მოწინააღმდეგეს შემირჩევენ, მზად ვარ მეც ვიბრძოლო 19 აპრილს. სადაც არ უნდა ჩატარდეს წავალ, თუნდაც მწვრთნელების გარეშე და ვიბრძოლებ, თუნდაც ცარიელ არენაზე, რადგან უსაფრთხოება ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია“.