UFC | გიგა ჭიკაძე - ვალეხოსი ახალგაზრდა სპორტსმენია და წინ დიდი მომავალი აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი გამოცდილება გადამწყვეტ უპირატესობას მომცემს #1TVSPORT
UFC | გიგა ჭიკაძე - ვალეხოსი ახალგაზრდა სპორტსმენია და წინ დიდი მომავალი აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი გამოცდილება გადამწყვეტ უპირატესობას მომცემს #1TVSPORT

UFC-ს 2025 წლის ბოლო ღონისძიებაში მონაწილეობას ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე მიიღებს. 37 წლის ჭიკაძის მეტოქე 24 წლის არგენტინელი კევინ ვალეხოსი იქნება.

ქართველმა მებრძოლმა მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„რეიტინგს არ ვუყურებ, რადგან საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ. მე საჩემპიონო დონეზე ვასპარეზობ და ტიტულის მოპოვებამდე გარკვეული ნაბიჯები მაქვს გადასადგმელი.

ვალეხოსს ჩემი თანაგუნდელი შეხვდა, მის უნარებს კარგად ვიცნობ. ამ ფაქტორების გათვალისწინებით მას დამწყებად ვერ აღვიქვამ. თუმცა, მიუხედავად ამისა, არ მიმაჩნია, რომ ის ამჟამად შესაძლებლობებით ჩემთან ახლოსაა.

ვალეხოსი ახალგაზრდა სპორტსმენია და წინ დიდი მომავალი აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი გამოცდილება გადამწყვეტ უპირატესობას მომცემს. მომავალი წლისთვის უკვე მრავალი გეგმა მაქვს დასახული. ვვარაუდობ, რომ ის აქცენტს ჭიდაობაზე გააკეთებს, თუმცა ჩემი პროგნოზი უცვლელია – ჩხუბს პირველ რაუნდში დავასრულებ.

ჩვენ ზედმიწევნით შევისწავლეთ მისი ყველა ბრძოლა და ზუსტად ვიცი, რა ტაქტიკა უნდა გამოვიყენო. მომწონს მისი თავდაჯერებულობა, რის გამოც მივეცი მას ეს შანსი“, – აღნიშნა ჭიკაძემ.

ამ მომენტისთვის გიგა ჭიკაძეს შერეულ ორთაბრძოლებში ჩატარებულ 20 შეხვედრაში 15 გამარჯვება აქვს, ხოლო ვალეხოსმა 16 ბრძოლიდან 15 მოიგო.

ქართველისა და არგენტინელის დაპირისპირება 14 დეკემბერს ლას ვეგასში ჩატარდება.