UFC | დანა უაითის თქმით, თეთრი სახლის ღონისძიებისთვის გადასახადების გადამხდელთა ფული არ დაიხარჯება #1TVSPORT
UFC-ს 2026 წლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიებისთვის, რომელიც 14 ივნისს ვაშინგტონში, თეთრი სახლის ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს, გადასახადების გადამხდელთა ფული არ დაიხარჯება, – ამის შესახებ ორგანიზაციის პრეზიდენტმა, დანა უაითმა Sports Business Journal-თან ისაუბრა.
უაითის თქმით, ღონისძიების შემდეგ UFC თეთრი სახლის უკანა, მწვანე ეზოს (South Lawn) აღსადგენად 700 000 დოლარს გაიღებს. ამ ადგილზე ბრძოლების დროს, დაახლოებით, 5000 მაყურებელი განთავსდება, ხოლო 80 000 ადამიანი შეხვედრებს ახლომდებარე Ellipse-ზე განთავსებულ ეკრანებზე მიადევნებს თვალს.
დანა უაითს ზუსტი ციფრი არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ იმ ღონისძიებასთან შედარებით, რომელიც 2024 წლის სექტემბერში ლას ვეგასში, „სფეროში“ ჩატარდა, თეთრი სახლის ღონისძიების ორგანიზება ბევრად მეტი დაჯდება.
ცნობისთვის, UFC-ს „სფეროს“ ღონისძიების ჩატარებისთვის 20 მილიონი დოლარის გაღება მოუხდა. მთავარი ბრძოლა შონ ო’მალისა და მერაბ დვალიშვილს შორის შედგა.
შესაძლოა, თეთრ სახლში იბრძოლოს ორგანიზაციის მსუბუქი დივიზიონის (70კგ) ჩემპიონმა, ილია თოფურიამ – მისი მეტოქე, დიდი ალბათობით, აღნიშნული წონის დროებითი ქამრის მფლობელი, ამერიკელი ჯასტინ გეიჯი იქნება.