UFC | ალექსანდრე თოფურია - ჩემს მოწინააღმდეგეს ძალიან დიდ პატივს ვცემ #1TVSPORT
UFC | ალექსანდრე თოფურია - ჩემს მოწინააღმდეგეს ძალიან დიდ პატივს ვცემ #1TVSPORT

UFC-ს სუპერმსუბუქი წონის (61კგ) ქართველმა მებრძოლმა, ალექსანდრე თოფურიამ ყაზახ ბეკზატ ალმახანისთან ბრძოლის შესახებ კომენტარი ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდთან გააკეთა.

„სანერვიულო არ მაქვს, რადგან მზად ვარ ყველაფრისთვის – აი, ეს არის მთავარი განსხვავება ჩემს წინა ბრძოლასთან. ვინერვიულებდი, თუ ჩავთვლიდი, რომ მომზადების პროცესს რაიმე დავაკელი. მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი – გავმხდარიყავი უფრო ძლიერი და სრულყოფილი.

ვიცნობ ჩემი მოწინააღმდეგის შესაძლებლობებს და მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. სწორედ ეს მაძლევს დამატებით მოტივაციას, რომ უფრო მეტიც ვიშრომო. ვიხარჯებოდი და ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვარ.

რა თქმა უნდა, გამარჯვება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია – ეს ბევრს ნიშნავს ჩემი ოჯახისა და ძვირფასი ადამიანებისთვის. ოჯახი მთავარია და მსურს, მათთვის ყველაფერი გავაკეთო.

მინდა, გავაგრძელო ის გზა, რასაც აქამდე მივყვებოდი – გავხდე უკეთესი ადამიანი, უკეთესი მებრძოლი და უკეთესი მწვრთნელი. მინდა, ყველა მიმართულებით წინ წავიდე და როცა უკან მოვიხედავ, ვთქვა – დღეს უკეთესი ვარ, ვიდრე გუშინ ვიყავი. სწორედ ეს არის ჩემი მთავარი მიზანი“, – განაცხადა ალექსანდრე თოფურიამ.

29 წლის თოფურია UFC-ში მეორე ბრძოლას 22 ნოემბერს კატარში ჩაატარებს. მისი მეტოქე,ბეკზატ ალმახანი 28 წლისაა, შერეულ ორთაბრძოლებში 14 შეხვედრა გამართა და 12 მოიგო.

რაც შეეხება ალექსანდრე თოფურიას, ის აქამდე, ძირითადად, ძმის, ილია თოფურიას ბრძოლებისთვის მომზადების პროცესში იყო ჩართული და UFC-ში სადებიუტო შეხვედრა 2025 წლის თებერვალში ჩაატარა, მან ავსტრალიელი კოლბი თიქნესი დაამარცხა. საერთო ჯამში კი, შერეულ ორთაბრძოლებში ჩატარებულ 7 შეხვედრაში ექვსი გამარჯვება და ერთი მარცხი აქვს.