„უფადან“ წამოსული ჯემალ ტაბიძე უკლუბოდაა #1TVSPORT
„უფადან“ წამოსული ჯემალ ტაბიძე უკლუბოდაა #1TVSPORT

ჯიმი ტაბიძემ, რომელიც რუსეთის პრემიერლიგის „უფადან“ წამოვიდა, რეაბილიტაცია დაასრულა და ჯერ კიდევ უგუნდოდ არის – ინფორმაციას „სპორტ 24“ ავრცელებს.

ბოლო ორი წელი „უფას“ ქართველ მცველს ტრავმები აწუხებდა. გასული წლის მაისში ტაბიძემ მუხლის ოპერაცია გაიკეთა, გასულ სეზონში კი რუსეთის პრემიერლიგაში მოედანზე არ გამოჩენილა. მარტის ბოლოს მან „უფადან“ წასვლა გამოაცხადა.

„ჩვენ ტაბიძეს უკვე დავემშვიდობეთ. ჩვენთვის ის სერიოზული აქტივი იყო. ტაბიძის კონტრაქტი ივნისში სრულდებოდა, თუმცა ურთიერთშეთანხმებით ვადაზე ადრე წასვლა გადაწყვიტა. ჩვენ მადლობას ვუხდით ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენთან თამაშისთვის. ბოლო სეზონში ტრავმირებული იყო, გუნდთან ერთად ზამთარში ვარჯიშობდა, მაგრამ ჯერ ვერ გამოჯანმრთელებულა. მისი წასვლა უფრო მის ჯანმრთელობას უკავშირდებოდა“, – თქვა „უფას“ გენერალურმა დირექტორმა შამილ გაზიზოვმა,.

ტაბიძე საქართველოში დაბრუნდა, ტრავმის შემდეგ მონდომებით ვარჯიშობს და მოედანზე დასაბრუნებლად ემზადება. თუმცა ახალი კლუბი ჯერ კიდევ ვერ იპოვა.