უესლი სნეიდერი „რეალში“ კარიერაზე - არყის ბოთლი ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა
უესლი სნეიდერი „რეალში“ კარიერაზე - არყის ბოთლი ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა

ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა უესლი სნეიდერმა გაიხსენა მადრიდის „რეალში” თამაშის პერიოდი. მან ესპანეთში გატარებული დრო საკუთარ ავტობიოგრაფიაში აღწერა, რომლის პრეზენტაციაც პარასკევს გაიმართება.

36 წლის სნეიდერი „სამეფო კლუბში“ 2007-09 წლებში გამოდიოდა და ერთხელ გახდა ესპანეთის ჩემპიონი. ამის შემდეგ, ის მილანის „ინტერში“ გადავიდა.

„ახალგაზრდა ვიყავი და ვტკბებოდი წარმატებითა და ყურადღებით, – იხსენებს „რეალში“ პირველ დღეებს სნეიდერი. – მაგრამ, მოგვიანებით, რაღაც ისე ვერ წავიდა. არანაირი ნარკოტიკი არ ყოფილა, მაგრამ იყო ალკოჰოლი და როკ-ნ-როლი. მივეჩვიე ჩემს მიმართ ინტერესს, თითქოს ვარსკვლავი ვიყავი. შენ გეთაყვანებიან, როგორც ნამდვილ კერპს. ვერ ვიტყვი, რომ დიდად ვეწინააღმდეგებოდი ამ ყველაფერს. პირველ ცოლთან განშორების შემდეგ, მარტო დავრჩი. უბრალოდ, ვერ ვაცნობიერებდი, რომ არყის ბოთლი ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა. მაგრამ, ასე დიდხანს გაგრძელება არ შეიძლებოდა. საკმაოდ კარგად ვთამაშობდი, მაგრამ რუუდ ვან ნისტელროი და არიენ რობენი მეუბნებოდნენ, რომ უფრო უკეთ შემეძლო. ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობდი, უბრალოდ, მომდევნო დილას კარგ ხასიათზე ვიღვიძებდი. „რეალში“ მეორე და მესამე წელს ვიგრძენი, რომ ნაკლებად მოქნილი და კონცენტრირებული გავხდი. ჩემი დამოკიდებულება „რეალის“ მიმართ ღირსეული არ იყო. საკუთარ თავს ვატყუებდი, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა. ფიზიკურად ძალიან დავსუსტდი, ნაკლებს გადავადგილდებოდი მინდორზე, ბევრს რამეს ტექნიკის წყალობით ვმალავდი“.

სნეიდერმა კარიერა 2019 წელს დაასრულა. მისი ბოლო კლუბი ყატარის „ალ-გარაფა“ იყო.