უელსის ღია პირველობა შონ მერფიმ მოიგო
უელსის ღია პირველობა შონ მერფიმ მოიგო

სნუკერის პროფესიული ტურის მორიგი სარეიტინგო ტურნირი – უელსის ღია პირველობა (Welsh Open) ინგლისელი შონ მერფის ტრიუმფით დასრულდა.

ფინალში მერფიმ გაანადგურა თანამემამულე კაირენ უილსონი. გადამწყვეტი მატჩის ანგარიშია – 9:1.

37 წლის ინგლისელმა სამი სენჩური (102, 108 და 134) გაიფორმა. მერფიმ ამ ტიტულისთვის 70 ათასი ფუნტი მიიღო, უილსონმა – 30 ათასი.

მსოფლიოს 2005 წლის ჩემპიონმა კარიერაში პირველად მოიგო ერთ სეზონში ორი ტურნირი. სექტემბერში მან ჩინეთის პირველობაზე ფინალში 10:9 დაამარცხა მარკ უილიამსი. სულ მერფის აქტივში ცხრა მოგებული სარეიტინგო ტურნირია. ამ მაჩვენებლით ის გაუთანაბრდა მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონს პიტერ ებდონს.

მერფიზე მეტი სარეიტინგო ტურნირი აქვთ მოგებული: ჯიმი უაიტს (10), დინ ჯუნჰუს (14), ჯად ტრამპს (15), მარკ სელბის (17), ნილ რობერტსონს (18), მარკ უილიამსს (22), სტივ დევისს (28), ჯონ ჰიგინსს (30), რონი ო’სალივანს (36) და სტივენ ჰენდრის (36).