უეინ რუნი „დერბი ქაუნთის“ მოთამაშე მწვრთნელი გახდება
უეინ რუნი „დერბი ქაუნთის“ მოთამაშე მწვრთნელი გახდება

ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი უეინ რუნი ინგლისის რანგით მეორე ლიგის, „ჩემპიონშიფის“ გუნდ „დერბი ქაუნთის“ მოთამაშე მწვრთნელი გახდება. 33 წლის ფორვარდი, რომელიც ამჟამად ამერიკული „მეიჯორ ლიგ სოკერის“ გუნდ „ვაშინგტონში“ თამაშობს,  ახალ ამპლუაში მომავალი წლის იანვრიდან მოგვევლინება და კონტრაქტს „დერბისთან“ 18 თვით გააფორმებს.

რუნი, რომელიც ვაშინგტონში 2018 წლის ივლისში გადავიდა და მას შემდეგ ამ გუნდისთვის 23 გოლი გაიტანა, ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

„რა თქმა უნდა, შემიძლია, რომ ჩემი წვლილი შევიტანო „დერბის“ წარმატებაში“, – ამბობს ფეხბურთელი, – „ეს რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ჩემთვის ოჯახი მთავარია და ინგლისში ჩემს საყვარელ ხალხთან უფრო ახლოს ვიქნები“.

„დერბიმ“ წლევანდელი სეზონი „ჰადერსფილდთან“ სტუმრად მოპოვებული გამარჯვებით დაიწყო. ამჟამად გუნდის მთავარი მწვრთნელი ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ფილიპ კოკუა.