უეფას სუპერთასს მაყურებელი დაესწრება
უეფას სუპერთასს მაყურებელი დაესწრება

უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება – უეფას სუპერთასი ბუდაპეშტში მაყურებელთა შეზღუდული რაოდენობით ჩატარდეს. კერძოდ, ტრიბუნები „პუშკაშ არენაზე“ 30 პროცენტით იქნება შევსებული.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველას დავანახოთ, რომ ფეხბურთს შეუძლია ყველაზე რთულ დროებაშიც გადარჩეს, თუმცა, რა თქმა უნდა, მაყურებლების გარეშე თამაშმა თავისი ხასიათის ნაწილი დაკარგა. ჩვენ გვინდა გამოვიყენოთ უეფას სუპერთასი, როგორც ექსპერიმენტს, რომლიდანაც დაიწყება ჩვენს ტურნირებზე გულშემატკივრების დაბრუნება.

ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციასთან და ქვეყნის მთავრობასთან, რათა გარანტირებულად მივიღოთ ის ზომები, რომელიც აუცილებელია გულშემატკივრებისა და მატჩის მონაწილეოთა უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ადამიანების ჯანმრთელობით არ გავრისკავთ“, – განაცხადა უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის სუპერთასი „ბაიერნსა“ და „სევილიას“ შორის 24 სექტემბერს გაიმართება. ბუდაპეშტის „პუშკაშ არენა“ 67.2 ათასს მაყურებელს იტევს.